მეწარმეთა პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვის მიზანი თავისუფალი აზრის გაკონტროლებაა - ამის შესახებ BMG-სთან იურისტი ნიკა სიმონიშვილი აცხადებს. მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების ერთგვარი გაგრძელებაა, რაც, მთლიანობაში, საზოგადოების ფინანსური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის შეზღუდვას ემსახურება.
საქმე ისაა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სისხლის სამართლის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა, რომლის თანახმადაც, მეწარმე სუბიექტის მიერ პოლიტიკური აქტივობა აკრძალულ საქმიანობად განისაზღვრება. თუ თავდაპირველი ვარიანტი მხოლოდ ადმინისტრაციულ - 20 000-დან 40 000 ლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებდა, კორექტირებული პროექტით, სასჯელი მკაცრდება: ფიზიკურ პირებს 3-დან 4 წლამდე პატიმრობა, ხოლო იურიდიულ პირებს - ლიკვიდაცია ან დაჯარიმება ემუქრებათ.
ამასთან, "გრანტების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით "გრანტის" ცნება ფართოვდება და გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
„ეს ცვლილებები მიმართული არის იმისკენ, რომ განსხვავებული აზრი, თავისუფალი აზრი იყოს მაქსიმალურად შეზღუდული. რეალურად, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ შეიზღუდოს უცხოური ფულის დინება და ტრანზაქციები საქართველოში. ამას აკეთებს „გრანტების შესახებ“ კანონით და ასევე, თავისუფალი ბიზნესის გაკონტროლების მცდელობით, ცდილობს, რომ ამ მიმართულებითაც ადამიანის ფინანსური დამოუკიდებლობა და შესაბამისად, პოლიტიკური ნაბიჯები შეიზღუდოს“, - აცხადებს ნიკა სიმონიშვილი BMG-სთან.
მისივე თქმით, კანონპროექტი იყენებს ბუნდოვან ტერმინოლოგიას, რაც ინტერპრეტაციის ფართო შესაძლებლობას იძლევა. კანონში არ არის გაწერილი მკაფიო ზღვარი ინდივიდუალურ მოქალაქეობრივ აქტივობასა და კომპანიის საქმიანობას შორის:
„ვერ გაიმიჯნება და ასევე ბუნდოვანია, მეწარმე სუბიექტად ვინ შეიძლება ჩაითვალოს. ეს იქნება, მაგალითად, მისი დირექტორი? როგორ უნდა გაიმიჯნოს, რომ დირექტორმა, როგორც ფიზიკურმა პირმა დააფიქსირა პოზიცია, თუ როგორც მეწარმე სუბიექტის სახელით? მაგალითად, მეწილის ან აქციონერის პოზიცია ჩაითვლება თუ არა მეწარმე სუბიექტის პოზიციად? ნებისმიერ პირს გაუჩნდება განცდა, რომ მისი პირადი საჯარო პოსტის ან აქციაში მონაწილეობის გამო, შესაძლოა, მისი ბიზნესი დაისაჯოს.
ეს არის ფაქტობრივად „ფარას“ (FARA) "ვორდინგი" - რომ თუ პირი ახდენს გარკვეულ გავლენას სახელმწიფო ორგანოებზე ან საზოგადოების ნაწილზე, მას პოლიტიკურ აქტივობად ჩაეთვლება. ნებისმიერი პოლიტიკური გამოხატვა შესაძლოა სწორედ ჩაითვალოს საზოგადოების ნაწილზე ზეგავლენის მოხდენის მიზნად. ამიტომ, შესაძლებელია, რომ ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი დაისაჯოს აი ამ ჩანაწერის გამო“.
იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კანონი, სავარაუდოდ, მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, ხოლო „მორჩილი“ ბიზნესი პრივილეგიებით ისარგებლებს.
„რა თქმა უნდა, აქ, პირველ რიგში, დაისჯებიან ის მეწარმე სუბიექტები, რომლებიც გააკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ სამაგიეროდ წახალისებული არის, თუ ხელისუფლების მაქებარი იქნება ბიზნესი. ეს ნორმები ცალმხრივად იქნება გამოყენებული და გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტების მისამართით, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ არ მოეწონება“.
კითხვაზე, თუ რატომ გახდა საჭირო სასჯელის უკიდურესი ფორმით გამკაცრება, იურისტი პასუხობს, რომ ხელისუფლებას ბიზნესის სრული მორჩილება და წინასაარჩევნო პერიოდში მათი „დაშინება“ სურს.
„ქართულ ოცნებაში“ ხვდებიან, რომ ბიზნესს ბოლომდე ვერ აკონტროლებენ. ბიზნესი შეიძლება აფინანსებდეს ისეთ სუბიექტებს, რომლებიც ხელისუფლებისთვის პოლიტიკურ ოპონენტებად არიან მიჩნეულები და ამის აღკვეთა სურთ. ეს შეიძლება წინასაარჩევნოდ ფინანსური ტერორის ინსტრუმენტი აღმოჩნდეს. რატომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა? იმიტომ, რომ შესაძლებელია 20 000 ან 40 000 ლარი ბევრი ბიზნესისთვის არ იყოს ისეთი დამაშინებელი, როგორც თავისუფლების აღკვეთა. ეს ბევრად უფრო მძიმე სასჯელია. აქაც, ისევ და ისევ მაქსიმალური შიშისთვის შემოღებული არის სწორედაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი BMG-სთან.




























