„ქართული ოცნების“ დეპუტატები, ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ. ისინი „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ახალ პოლიტიკურ ჯგუფს ჩამოაყალიბებენ და პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით გააგრძელებენ მუშაობას.
ახალი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ილია ინჯიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშს არ დაუშვებენ და ამის გამო ემიჯნებიან „ქართულ ოცნებას“.
„მანდატები შეუწყდათ სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, ეს მოცემულობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოში ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური კულტურა. როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია დაკავებულია არა პოლარიზაციის და სიძულვილის გაღვივებით, არამედ რეალურ საქმეზე ორიენტირებული კრიტიკით და ახალი ინიციატივების შემუშავებით, რომელიც ქვეყნის უფრო ეფექტურ მართვასა და სწრაფ განვითარებას ემსახურება. ყოველივე ზემო აღნიშნულთან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტია „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბებაზე. სრულად დავიცავით კოლეგიალობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ უმრავლესობის წარმომადგენლებს ვაცნობეთ.
ჩვენი დამოკიდებულება რადიკალური ოპოზიციის მიმართ დარჩება ისეთივე პრინციპული, როგორიც დღემდე იყო. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება. ამასთან, ჩვენს მისიას ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულებაში ვხედავთ, რომელიც ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე და წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, შევა არგუმენტირებულ კამათში უმრავლესობის წარმომადგენლებთან, საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.
ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასდროს ჩამოყალიბდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ სისტემების ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა ილია ინჯიამ.