მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების" მიერ გაცხადებული საკანონმდებლო ინიციატივა ფარულ გენერალურ მიზანს ატარებს-ეს საზოგადოების კრიტიკული მასის მიგრაციაა - თამთა მიქელაძე

თამთა მიქელაძე

"ქართული ოცნების" მიერ გაცხადებული საკანონმდებლო ინიციატივა ფარულ გენერალურ მიზანს ატარებს - ეს საზოგადოების კრიტიკული მასის მიგრაციაა, - ამის შესახებ "სოციალური სამართლიანობის ცენტის" (EMC) ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი მოსაზრებით, "ოცნებას" მიზანია სრული კონტროლის მოპოვება და პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვა.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ გაცხადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უცხოეთთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობას მთავრობის კონტროლს უქვემდებარებს და ძალიან მაღალ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს, საზოგადოებაზე (და უკვე არა ინსტიტუციებზე და სექტორებზე, რომელიც წინა წლის რეპრესიულმა კანონებმა პრაქტიკულად ისედაც გაანადგურა) სრული კონტროლის მოპოვებისა და პოლიტიკური თავისუფლებების უპრეცედენტო შეზღუდვის ინტერესთან ერთად, ატარებს ფარულ გენერალურ მიზანს - ეს საზოგადოების კრიტიკული მასის მიგრაციაა.

სტუდენტები, მკვლევრები, არტისტები, ექსპერტები, უფლებადამცველები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ლექტორები, პროფესორები, ექიმები, მეცნიერები და სხვები, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ პროექტებში არიან ჩართულები და საჯაროობაზე გავლენის მოხდენას მოინდომებენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ან მთავრობის სრულ კონტროლის ქვეშ მუშაობას უნდა დათანხმდნენ, ან ციხეში წავიდნენ 6 და ზოგჯერ 9-12 წლით.

ანუ საზოგადოების ის კრიტიკული მასა, რომელიც "ქართული ოცნების" გავლენებისგან და ბიზნეს ინტერესებისგან ავტონომიური რჩება ამ დრომდე და ბედავს საჯარო ინტერესებისთვის მუშაობას უბრალოდ განადგურდება ეკონომიკური და საბოლოოდ პოლიტიკური გაგებით. ამ კლასს დარჩება ერთადერთი არჩევანი - ან მათი როგორც მოქალაქის სიკვდილი და ცხოვრების სრული პრივატიზაცია, ან მიგრაცია. ინსტიტუციური აქტორები ხომ გაანადგურეს, ახლა უკვე კრიტიკული მასებისგან პოლიტიკური სხეულის გაწმენდა დაიწყეს იმისთვის, რომ სრული ჰეგემონიის დამყარება შეძლონ საზოგადოებაზე. ეს მომავლის მკვლელობაა პირდაპირი გაგებით. თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, 5 წელში ჩვენს ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ, მერწმუნეთ!და მერე იქნება ძალიან გვიან… და მათ შორის იმათთვისაც ვინც დაიჯერა, ვინც შეშინდა, ვინც დახარბდა, ვინც დაიკიდა, ვინც დაბოლდა. ყველასთვის!", - წერს იგი.

ცნობისთვის: "ქართული ოცნება" ახალ შეზღუდვებს აკანონებს. კერძოდ, ხელისუფლება გეგმავს, სხვადასხვა კანონში ცვლილებების შეტანას, რაც ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას კიდევ უფრო ართულებს. მაგალითად: "ქართული ოცნება" გრანტების შესახებ კანონს კიდევ უფრო ამკაცრებს; სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი; პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილება განხორციელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში და პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. ასევე, ხელისუფლება გეგმავს მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის შედეგად, მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40 000 ლარის ოდენობით და ა.შ.

"ქართული ოცნება" გრანტების შესახებ კანონს ამკაცრებს - ზუსტდება გრანტების განმარტებაც

სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი - "ქართული ოცნება"

მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა - დეტალები

"ქართული ოცნება" მორიგ შეზღუდვებს აკანონებს | მმართველი პარტიის გეგმა ვრცლად

ფასების რეგულირების დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს - "ოცნება"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები