საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება მთავრობის განცხადებებს სასურსათო ფასების ზრდასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მაღალი ფასების მოტივით სავაჭრო ქსელების წინააღმდეგ რეპრესიების დაწყებას გეგმავს.
ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, სასურსათო ფასების რეგულირებას ირაკლი კობახიძე აანონსებს
გოცირიძის შეფასებით, ფასების ზრდის მთავარი მიზეზი ხელისუფლების მიერ გატარებული არასწორი ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკაა, რომლის შედეგებსაც ახლა კერძო სექტორს აბრალებენ.
ეკონომისტი განსაკუთრებულად აკრიტიკებს "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწოდებას სამართალდამცავი ორგანოებისადმი, რომ შეისწავლონ სუპერმარკეტებში ფასების ზრდა. მისი თქმით, ეს წარმოადგენს ბიზნესსფეროში რეპრესიების გაფართოებას და საბჭოთა პერიოდის „ობეხეს“ სისტემის რეანიმაციას.
“ოცნების” მთავრობა სავაჭრო ქსელის რეპრესიებს იწყებს მაღალი ფასების მომიზეზებით. ფასების ზრდის მთავარი მიზეზი არის ხელისუფლების არასწორი ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკა.
კობახიძის მოწოდება სამართალდამცავებისადმი, რომ მიხედონ სუპერმარკეტებში ფასების ზრდას, არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა “ობეხეს” სისტემის რეანიმაცია. შემდგომი ნაბიჯი ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლის დამყარება იქნება, როგორც ეს ბელორუსში და სხვა მსგავს ქვეყნებშია.
მალე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის იდეებს “სახელმწიფო კაპიტალიზმის” იდეოლოგიით ჩაანაცვლებენ. სახელმწიფო რესურსების ტოტალური ძარცვა და ელიტური კორუფცია, რასაც თავად აღიარებენ შიდაპოლიტიკური რეპრესიების პროცესში, ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზია", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, ფასების ზრდის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფო რესურსების ტოტალური არაეფექტიანი ხარჯვა და ელიტური კორუფცია, რასაც, გოცირიძის თქმით, თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც ირიბად აღიარებენ შიდაპოლიტიკური რეპრესიების პროცესში.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 დეკემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ საქართველოში სასურსათო ფასების სიძვირეს, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები განაპირობებს. მისი თქმით, საჭიროა საგამოძიებო უწყებების ჩართვა და საკითხის შესასწავლად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც.
„მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ასევე, ვთხოვ პარლამენტს, საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია“, – განაცხადა კობახიძემ.




























