მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების" მთავრობის დელეგაცია უზბეკეთში გაემგზავრა - როგორია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირი?

უზბეკეთი

ირაკლი კობახიძე დღეს უზბეკეთში გაემგზავრა.

"ქართული ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან, პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოს საკანონმდებლო პალატის სპიკერსა და სენატის თავმჯდომარესთან.

ადმინისტრაციის ცნობით, ტაშკენტში ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება. "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ლევან დავითაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ქარსელაძე, დავით სონღულაშვილი, შალვა გოგოლაძე და ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

"ოცნების" ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, უზბეკეთში მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში ხელს შეუწყობენ ქართული კომპანიების გაფართოებას უზბეკეთის ბაზარზე

„უზბეკეთში იმართება მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეათე სხდომა. უზბეკეთთან ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დინამიკურად იზრდება ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო, გადაზიდვების და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა. ორ ქვეყანას შორის პოტენციალი ჯერ კიდევ არ გვაქვს სრულად ათვისებული. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ეკონომიკური პოტენციალი. უზბეკეთი საინტერესოა ქართული კომპანიებისთვისაც, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი ეკონომიკა. ქვეყანა, რომელიც თითქმის მილიონი ადამიანით იზრდება წელიწადში. აქედან გამომდინარე ქართულ კომპანიებს აქვთ დაინტერესება უზბეკეთის ბაზარზე შესვლის. ვფიქრობ, რომ ეკონომიკური კომისიის ფარგლებში მოგვეცემა საშუალება და ხელს შევუწყობთ ქართული კომპანიების გაფართოებას უზბეკეთის ბაზარზე. ასევე ვისაუბრებთ იმ მიმართულებებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას, სავაჭრო ურთიერთობების ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას და ასევე ტურიზმის და ტრანსპორტის სფეროების წახალისებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

bm.ge გთავაზობთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკურ კავშირებს.

ვაჭრობა

იანვარში საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 61.7%-ით გაიზარდა და 18.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

რაც შეეხება გასული 2024 წლის სრულ მონაცემს, სავაჭრო ბრუნვამ 241.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ამ შემთხვევაში, ზრდა 28.6%-ია.

2024 წლის მონაცემებით, ექსპორტმა 146.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი კი 94.7 მლნ აშშ დოლარი იყო.

ექსპორტის ზრდამ 27.2% შეადგინა. TOP-5 ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფი ასეთია:

  1. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $70.2 მლნ;
  2. მსუბუქი ავტომობილები - $14.6 მლნ;
  3. ტკბილი გაზიანი სასმელები - $9.6 მლნ;
  4. მინერალური და მტკნარი წყლები - $8.2 მლნ;
  5. ელექტრო ტრანსფორმატორები - $6.9 მლნ.

2024 წელს იმპორტის ზრდა 67% იყო. TOP-5 იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფი ასეთია:

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $25.8 მლნ;
  2. სპილენძის მავთული - $25.2 მლნ;
  3. პარკოსანი ბოსტნეული გამხმარი - $8.4 მლნ;
  4. სიგარები და სიგარელები - $4.9 მლნ;
  5. თხილი და სხვა კაკალი - $4.8 მლნ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები