ერთპარტიულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით, მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, მის თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.
აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციას. კანონის პროექტის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელიც ჩაითვლება ბიუროს უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
"ოცნება" გადაწყვეტილების მიზეზად ხარჯების ოპტიმიზაციას და მართვის რაციონალიზაციას ასახელებს, თუმცა თავად საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ ბიუროს გაუქმების მიზანია საჯარო სამსახურის წმენდა და კრიტიკული აზრის ჩახშობა.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებითაც, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა.
კანონი მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციაც სწორედ აპრილიდან დაიწყება.




























