მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების" პარლამენტმა სებ-ის საბჭოს 4 წევრი აირჩია

სები საბჭო

"ქართული ოცნების" პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხივე წარდგენილი კანდიდატი დაამტკიცა.

განხილვის გარეშე, ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება პლენარულმა სხდომამ. იქამდე კი, დილას საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ოთხივე წევრის მოსმენას 1 საათი და 5 წუთი დასჭირდა.

ამგვარად, ეროვნული ბანკის საბჭოში, არც ერთი ვაკანტური თანამდებობა აღარ არის. საბჭოს ახალი წევრები არიან: ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ლევან ძნელაძე, ნინო ჯელაძე.

დამტკიცების შემდეგ, "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ აქამდე სებ-ის საბჭოს საკმარისი რაოდენობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟის გამო არ ჰყავდა.

"თითქმის წელიწადნახევარზე მეტი დროის განმავლობაში ექსპერეზიდენტ ზურაბიშვილის საბოტაჟის გამო, ვერ ვახერხებდით ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებას და ეროვნულ ბანკს უწევდა 9-დან 5 წევრით საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ შევძელით, მათ შორის 26 ოქტომბრის არჩევნების და პრეზიდენტის არჩევნების შედეგად, ამ საბოტაჟის დასრულება და ეროვნული ბანკი უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას", - თქვა პაპუაშვილმა.

ვინ არიან და რა ვიცით მიხეილ ყაველაშვილის მიერ შერჩეულ სებ-ის საბჭოს წევრებზე?

ამჟამად, ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავაა. 2023 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია - ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.

2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული საგამონაკლისო ბრძანების მიმართ პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის პირობებში, 2023 წლის ბოლოს პარლამენტმა დაბლოკა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე. ასევე, პარლამენტმა არ განიხილა ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა, რომელიც ზურაბიშვილმა საბჭოს წევრობისთვის 2024 წელს წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები