ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ლევან ძნელაძე, ნინო ჯელაძე - მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი წარუდგინა. შესაბამისი წარდგინებები და ინფორმაცია კანდიდატთა სამუშაო გამოცდილების შესახებ პარლამენტის ვებგვერდზე უკვე აიტვირთა.
მას შემდეგ, რაც "ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი საბჭოს წევრებს დაამტკიცებს, ვაკანტური არც ერთი თანამდებობა აღარ იქნება.
bm.ge გთავაზობთ ოთხივე კანდიდატის მოკლე ბიოგრაფიას, რომლებიც სულ მალე ადგილს მარეგულირებლის საბჭოში დაიკავებენ.
ვახტანგ ბურკიაშვილი
განათლება - ბურკიშვილი პროფესიით ეკონომისტია. დამთავრებული აქვს საფრანგეთის, ნანსის უნივერსიტეტი. იქვე მიიღო მაგისტრის წოდება ფინანსებისა და აუდიტის სფეროში.
ვახტანგ ბურკიაშვილი ეროვნული ბანკის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორია. ის "ქართული ოცნების" შემწირველია. ამასთან, იყო ბიძინა ივანიშვილის "საზოგადოება 2030-ის" ანალიტიკოსი.
ვახტანგ ბურკიაშვილმა "ქართულ ოცნებას" 2016 წელს 50 000 ლარი შესწირა.
ვახტანგ ბურკიაშვილი სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ყოფილი ბიზნესმენიცაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის თანამდებობაზე არჩევის მომენტში, 2018 წელს ფლობდა: შპს-ს ტიფლის დეველოპმენტ კონსორციუმს. ასევე იყო მეწილე შპს-ების: საკი - პეტროლიუმი, მიო + და აი იუ ეს გრუპის. ამ მომენტისთვის, მის სახელზე არც ერთი კომპანია აღარ იძებნება.
ოთარ შამუგია
განათლება - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, საქართველო ეკონომისტი, მაგისტრთან გათანაბრებული.
ოთარ შამუგია, "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს ჯერ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი მინისტრი იყო. 2007 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. CV-ის მიხედვით, ფლობს მხოლოდ ქართულ და რუსულ ენებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მისვლამდე იყო შპს რეალ ქონსალტინგის ფინანსური დირექტორი, ასევე, 2005-2006 წლებში ფინანსური დირექტორი შპს საკონსულტაციო ჯგუფში; 2004-2005 წლებში - ქონების მართვის სამსახურის უფროსი, შპს " საქართველოს რკინიგზაში"; 1999-2004 წწ - ცენტრალური ბუღალტერიის უფროსი (მთავარი ბუღალტერი), საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში; 1998- 1999 წწ - მთავარი სპეციალისტი, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში.
ლევან ძნელაძე
განათლება - ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის ფაკულტეტი. დამთავრებული აქვს ასპირანტურა და აქვს დოცენტის ხარისხი. ასევე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მიღებული.
რეზიუმეს მიხედვით, ლევან ძნელაძის საჯარო სამსახური პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსის პოსტზე 1995 წელს იწყება.
ამის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა 2000 წლამდე.
2000 -2001 წლებში იყო სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში.
2002 წელს ცოტა ხნით ხდება გადასახადებისა და შემოსავლების მინისტრი.
ამის შემდეგ, არის “იმედი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი 2002-2006 წლებში.
2006 წლიდან 2009 წლამდე GMC ჯგუფის დირექტორია.
ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის "ქართუს" გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორია 2009-2011 წლებში.
2011 წელს კვლავ საჯარო სამსახურში ბრუნდება და ხდება ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე 2015 წლამდე.
2015 წლიდან 2020 წლამდე ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენ. დირექტორი.
2020 წლიდან დღემდე, ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსი.
ნინო ჯელაძე
განათლება - ნინო ჯელაძეს სამი სხვადასხვა სპეციალობა აქვს. სამივე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული. არის ეკონომისტი, იურისტი და უცხო ენების სპეციალისტი.
2003-2021 წლებში იყო პროკრედიტ ბანკსა და პროკრედიტ ჰოლდინგში სხვადასხვა პოზიციებზე. ბოლოს იყო 2017-2021 წლებში იყო „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენელი, კომპლაენსისა და AML ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი. 2021-2023 წელს ჰქონდა კონსულტანტის კერძო პრაქტიკა ფულის გათეთრებასთან ბრძოლისა და საოპერაციო რისკების მართვის საკითხებში. 2024 წლიდან დღემდე კი, ეროვნული ბანკის მოქმედი თანამშრომელია, კერძოდ, საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.
ამჟამად, ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავაა. 2023 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია - ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.
2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული საგამონაკლისო ბრძანების მიმართ პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის პირობებში, 2023 წლის ბოლოს პარლამენტმა დაბლოკა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე.