მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების" პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

შალვა პაპუაშვილი

"ოცნების" პარლამენტი 14 მაისს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარლამენტის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომები პლენარულ სხდომასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელზეც შალვა პაპუაშვილი წლიური ანგარიშით წარდგება.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 14 მაისს შენობაში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, რაც ნიშნავს, რომ ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა შეეზღუდებათ.

„დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები“, — ნათქვამია განცხადებაში.

დამატებითი შეზღუდვები შეეხება მედიასაშუალებებსაც — პარლამენტის ცნობით, შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელემაუწყებლებისა და ტელემედიასაშუალებების აკრედიტებული, არაუმეტეს ორი ჯგუფის წარმომადგენლები თითოეული მაუწყებლიდან, რაც იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ საპარლამენტო ღონისძიებები არ დასრულდება.

უსაფრთხოების ზომები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე, შესაბამისი რეგლამენტის ფარგლებში მიიღება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები