"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც 14 დეკემბერს მმართველი პარტია პრეზიდენტად აირჩევს, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, დიპლომი არ აქვს. ეს ინფორმაცია BMG-ის პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მომავალი პრეზიდენტის უდიპლომობაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ სამშობლოს სიყვარულს და ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება.
ყაველაშვილი პარლამენტში 2016 წლიდან არის, 2024 წელს კი მმართველმა პარტიამ სიის მე-18 ნომრად დაასახელა. პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე, სადაც მიხეილ ყაველაშვილის ბიოგრაფია წერია, განათლების გრაფა ცარიელია. მისი დიპლომით ჯერ კიდევ 2022 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი [IDFI] დაინტერესდა. ორგანიზაციამ პარლამენტს წერილობით მიმართა და მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები ითხოვა. პარლამენტის მიერ IDFI-ისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ აპარატში ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის.
პრეზიდენტობის კანდიდატი ყოფილი ფეხბურთელია და სხვადასხვა წლებში „დინამო თბილისში“, „მანჩესტერ სიტში“, „გრასჰოფერში" და სხვა ევროპულ კლუბებში თამაშობდა. პარლამენტში მოხვედრამდე ის ასევე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საფეხბურთო ექსპერტი. პარლამენტში ყოფნისას 2022 წელს ყაველაშვილმა "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად დააფუძნა მოძრაობა "ხალხის ძალა" დააფუძნა, რომელიც იყო რუსული კანონის პირველი ვერსიის ინიციატორი. კანონპროექტს მაშინაც აქციები მოჰყვა და ხელისუფლებამ გაიწვია. ამას გარდა, "ხალხის ძალის" წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ ღიად ანტიდასავლური რიტორიკით.
2017 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია ირჩევს. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში 300 წევრი შედის, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს საკრებულოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.
მმართველი პარტია, რომელიც ამ ეტაპზე ერთადერთია მე-11 მოწვევის პარლამენტში, აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. კანონი პრეზიდენტობის კანდიდატს უმაღლესი განათლების ქონას არ ავალდებულებს. კონსტიტუციაში მხოლოდ ის წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში 15 წელი მაინც უცხოვრია. მოქმედი რედაქციით პრეზიდენტი თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია და ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს.