მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოცნების” შემომწირველი ბიზნესმენის კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში ₾335 მლნ აქვს მიღებული - TI

საერთაშორისო გამჭირვალობა
12.12.23 14:51
442

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორის - სამშენებლო კომპანია “გზის” დამფუძნებლის გიორგი ჭყონიას შესახებ მოამზადა მიმოხილვა. მისმა კომპანია “გზამ” 2011-2023 წლების განმავლობაში სულ 335 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღო, მათ შორის გამარტივებული შესყიდვებიდან შემოსავალი 9.6 მილიონი ლარი იყო. მთლიანობაში კომპანიამ აღნიშნული წლების განმავლობაში 95 ტენდერი მოიგო.

TI საქართველომ შეისწავლა გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებული კომპანიების პოლიტიკური დონაციების სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, უშუალოდ ამ კომპანიების დირექტორებმა სხვადასხვა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველ პარტიას და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს (საპრეზიდენტო არჩევნებში) ჯამში 1,394,000 ლარი შესწირეს.

სამშენებლო ბიზნესის გარდა, ბიზნესმენი გიორგი ჭყონია ფლობს უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის ბიზნესებს, მისი კომპანიები ასევე მხარდაჭერას იღებენ ისეთი პროგრამებისგან, როგორიცაა “აწარმოე საქართველოში”.

გადაცემული ქონება და მხარდაჭერა „აწარმოე საქართველოდან”

შპს „შატო კვირიკეს” (ყოფილი შპს „აგროტექსერვისი ქობულეთი”), რომლის 100% წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა, ქობულეთის მუნიციპაილტეტში, სოფელ კვირიკეს მიმდებარედ, 26,870 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სახელმწიფო ტყის ფონდი), 2020 წლის 17 იანვარს, სარგებლობის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცა.

შპს „ნექსთ ქოლექშენმა” (ყოფილი შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპ” შპს „თაუერ ჯგუფი გრინ რეზიდენსი”), რომლის 50% წილს გიორგი ჭყონია ფლობს, ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე 20,366 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 დანგრეული შენობა-ნაგებობა 2017 წლის 6 ოქტომბერს იყიდა სახელმწიფოსგან (ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული პირობიანი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე).

ბანკმა „ქართუმ” 2020 წლის 4 მარტს უძრავი ქონების ურთიერთგაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფოსგან მიიღო მცხეთაში მდებარე 34,492 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2021 წლის 7 მაისს მიყიდა გიორგი ჭყონიას, მან აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2023 წლის 11 ივლისს საკუთრებაში არსებულ და მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შპს „თაუერ ჯგუფი პანორამა ლისის” საწესდებო კაპიტალში შეიტანა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ შპს „შალე კვირიკემ”, რომლის დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა, 5 მილიონი ლარის თანადაფინანსება მიიღო „აწარმოე საქართველოდან”. რამდენიმე წლის წინ სწორედ „აწარმოე საქართველოს” თანადაფინანსებით გაიხსნა „შატო კვირიკეს” კომპლექსი, რომელიც ასევე გიორგი ჭყონიას საკუთრებაა. სსიპ „აწარმოე საქართველოს” ჩვენს მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია რომ მოეწოდებინა, რომელიც მათ მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფინანსებულ პროექტებს ეხებოდა, შესაძლებელია გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებული კომპანიების სხვა საბიუჯეტო დაფინანსებების შესახებაც მიგვეღო ცნობები.

საყურადღებოა, ის ფაქტი, რომ გიორგი ჭყონიას ბიზნესპარტნიორია “ქართუ ჯგუფის” იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი, ალა კახნიაური. მათ ერთობლივად შექმნეს კომპანიები - შპს „კრიპტომ ჰოუმი” და შპს „კრიპტო ჰოუმ მენეჯმენტი”.

მბრუნავი კარი - ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი გიორგი ჭყონიას კომპანიაში

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, რომელსაც უფლებამოსილება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ბრალის წარდგენის გამო შეუწყდა, სასჯელის მოხდიდან დღემდე შპს „თაუერ ჯორჯიას” დირექტორია. ამ კომპანიის 100% წილს ფლობს შპს „ბათუმი ცენტრალი”, ხოლო, თავის მხრივ, შპს „ბათუმი ცენტრალის” 45% წილს გიორგი ჭყონია ფლობს, 55% წილს კი Შპს „გზა”. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Შპს „გზას” 100% წილის მფლობელი თავად გიორგი ჭყონიაა.

თენგიზ პეტრიძე ვიცე-მერად დანიშვნამდე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილედ და შემდეგ უფროსად მუშაობდა. ის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობის დროს თითქმის მუდმივად იყო სატენდერო კომისიის წევრი, რა დროსაც გიორგი ჭყონიას კუთვნილმა კომპანიამ, Შპს „გზამ” მოიგო 15,576,976 ლარის ტენდერი. თითოეულ ტენდერში ამ კომპანიის გამარჯვებას თავისი ხელმოწერით ადასტურებს თენგიზ პეტრიძე, როგორც სატენდერო კომისიის წევრი. ეს ყველაფერი ე.წ „მბრუნავი კარის” ნათელი მაგალითია.

უნებართვო მშენებლობა ლუკა ასათიანის ქუჩაზე

გიორგი ჭყონიამ ლუკა ასათიანის #21-ში, ბათუმის მერიის შენობიდან 100 მეტრის მოშორებით, კუთვნილ საცხოვრებელ ფართს ახალი სართული იმგვარად დააშენა, რომ კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან არ აუღია (შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაშია, შესაბამისად, ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც ფასადს ეხება, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისი თანხმობა სჭირდება).

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობა უნებართვოდ ჩათვალა, მშენებელი დააჯარიმა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი) მოთხოვა. ამის მიუხედავად, ბიზნესმენმა გააგრძელა სამშენებლო სამუშაოები, ინსპექციის ჯარიმა და მითითება კი სასამართლოში გაასაჩივრა. კანონმდებლობის თანახმად, ინსპექციის დადგენილება ძალაში ვერ შევა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები