საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ (TI) პოლიტიკური დონაციების განმახორციელებლი პირები შეისწავლა. ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი 1,238,000 ლარის შემოწირულება “ქართულმა ოცნებამ” მიიღო.
დონორების შესწავლით ირკვევა, რომ მმართველ პარტიას ყველაზე მეტი თანხა ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებულმა პირებმა შესწირეს. აღნიშნულმა თანხამ 944,000 ლარი შეადგინა. TI-ის თანახმად, ეს დონორები არიან ღვინის კომპანიების აქციონერები და მენეჯმენტის წევრები.
“შემომწირველებთან დაკავშირებულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს 2013 წლიდან 4 მილიონზე მეტი ლარის გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები აქვთ მიღებული.
„მეღვინე“ დონორთა შემოწირულებები სწორედ 2023 წლის რთველის წინა პერიოდში განხორციელდა, რომლის სუბსიდირებისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში 60 მილიონ ლარზე მეტი იყო გამოყოფილი. შემომწირველებთან დაკავშირებული კომპანიებიდან 15 მათგანია ჩართული რთველის სუბსიდირების პროგრამაში.
ზემოაღნიშნულ კომპანიებს საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები ფაქტიურად არ მიუღიათ, თუმცა 2013 წლიდან 4 მილიონი ლარზე მეტი ღირებულების 1700 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვთ მიღებული. მათგან 1 მილიონ ლარამდე პაატა ცისკარიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ „შპს თელავის მარანმა“ მიიღო, 800 ათასზე მეტი ზურაბ დეკანოზიშვილთან დაკავშირებულმა „შპს საამომ“, ხოლო 760 ათასამდე ლარის ოდენობის კონტრაქტი —არჩილ ლობჟანიძესთან დაკავშირებულმა „შპს კომპანია ბესინიმ“ .
გარდა ამისა ზემოაღნიშნულ დონორებთან დაკავშირებული ალკოჰოლური სასმელების კომპანიების ნაწილს 2013-2021 წლებში 12 მილიონამდე ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი და 2021-2022 წლებში 12 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის სუბსიდია აქვთ მიღებული. ცხრილში იხილეთ დონორებთან დაკავშირებული იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ სხვადასხვა სუბსიდიები ან შეღავათიანი აგროსესხები და აგრეთვე, ამ კომპანიასთან დაკავშირებული პირების მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაღებული ჯამური შემოწირულებები,”- ნათქვამია TI საქართველოს მიმოხილვაში.