აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ რთველის სუბსიდირებაში სახელმწიფოს ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააგენტოს მიზანი, ყურძნის სუბსიდირებიდან გამოსვლაა და ამას სუბსიდიის ეტაპობრივად შემცირებით ცდილობს.
“არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ, წლევანდელი მოთხოვნიდან გამომდინარე, შეგვეძლო საერთოდ არ გაგვეცა სუბსიდია, მაგრამ ღვინის ფასებზე კოვიდისა და ომის გავლენიდან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ გაზრდილი ფასები დარგისთვის სუბსიდიის საშუალებით ანაზღაურებულიყო, რათა ნედლეული ძალიან არ გაძვირებულიყო. შესაბამისად, მივიღეთ კომპრომისული გადაწყვეტილება, სუბსიდია დარჩა, მაგრამ 35-დან 20 თეთრამდე შემცირდა”, - ამბობს ლევან მეხუზლა.
რაც შეეხება რთველის სუბსიდიას რაჭაში, აქ ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 7 ლარია, საიდანაც 3₾ კერძო სექტორის კონტრიბუციაა. ღვინის სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, მსგავსი შეთავაზებით სახელმწიფო ყურძნის ჩაბარების ზეწოლისგან გათავისუფლდა.
“2021 წელს სახელმწიფოს საკმაოდ დიდი რაოდენობის ყურძნის ჩაბარება მოუწია, რაც მისთვის დიდი ზეწოლაა. უკვე ორი წელია ასეთი სქემა გვაქვს და სუბსიდიის გაზრდით მოხდა ის, რომ სახელმწიფო რაჭის რთველში, ყურძნის ჩაბარების კომპონენტში, აღარ ერევა. 2022 წელს 1600 ტონიდან სულ 300 კილო ძალიან დაზიანებული ყურძენი ჩაიბარა და წელსაც, ამ კუთხით 4%-ზე ნაკლები იყო სახელმწიფო ჩარევა, მხოლოდ 60 ტონამდე მოუწიათ ჩაბარება”, - განმარტავს ლევან მეხუზლა.
ცნობისთვის, რაჭის შემთხვევაში, სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 7 ლარი, საიდანაც 4 ლარი სახელმწიფო სუბსიდიაა.