კახეთში, "რთველი 2023"-ის ფარგლებში გადამუშავებულია 8 ათას ტონამდე ყურძენი. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა, კერძო სექტორი აქტიურობს.
„რთველი ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. ეს პირველ რიგში ეხება სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს, სადაც ტრადიციულად ადრე მწიფდება ყურძენი. ძალიან აქტიურობს კერძო სექტორი, რაც დადებითი მოვლენაა, რომ სახელმწიფო ნაკლებად ერევა ყურძნის შესყიდვის პროცესში. თუმცა, სახელმწიფო მზად არის მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნება მოთხოვნა და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს. მომავალი კვირიდან მოსავლის დაბინავების პროცესში ჩაერთვებიან სხვა მუნიციპალიტეტები და რთველი უფრო აქტიური იქნება კახეთის რეგიონის მასშტაბით“ - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
გადამუშავებული ყურძნიდან 3,6 ათას ტონამდე რქაწითელი, 3 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია 170 ღვინის საწარმო, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველი 2023-ის ფარგლებში, სახელმწიფო რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას განახორციელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, 25 ათასამდე მევენახე ფერმერს და 500-მდე ღვინის მწარმოებელს საქმიანობის გაგრძელების მოტივაციას და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.