"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" (TI) 2025 წლის ივლის-აგვისტოში პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულებებზე აქვეყნებს ანალიზს.
ორგანიზაციის თანახმად, ივლის-აგვისტოში ყველა პარტიამ ჯამში 4,877,977 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 73% - 3,553,326 ლარი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. მეორე და მესამე ადგილზე „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გავიდნენ.

TI-ში აღნიშნავენ, რომ კვლავ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს „ქართული ოცნების“ მსხვილი დონორების შესაძლო მონაწილეობა სისტემურ კორუფციაში - მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2016 წლიდან თითქმის მილიარდი ლარის (997 მლნ) ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს.
"2025 წლის ივლისსა და აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 106-მა პირმა 3,553,326 ლარი შესწირა, სულ „ქართული ოცნების“ ზემოაღნიშნულ დონორებს პარტიისთვის 8 მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული. საანგარიშო პერიოდში „ქართულ ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს 2016 წლიდან 997 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული, აქედან 273 მილიონი ლარის ღირებულების — 2024-2025 წლებში",- აღნიშნავენ TI-ში.
რაც შეეხება სხვა მიგნებებს:
- „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2024 წლიდან 273 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2016 წლიდან კი 997 მილიონის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
- „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულ კომპანიებს 2024 წლიდან 1.4 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები აქვთ მიღებული, 2016 წლიდან კი — 15 მილიონი.
- 2016 წლიდან ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 247 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგეს და 586 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს.
- „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 19-მა კომპანიამ 2016-2024 წლებში 8 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო სუბსიდია მიიღო.
- ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას საბიუჯეტო სუბსიდია არ მიუღია.




























