"ქართული ოცნების ცოფიანი ანტიამერიკული რეჟიმი საფრთხეს უქმნის აშშ-ის შუა დერეფნის მინერალებზე წვდომას" - ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის ლიდერების შეხვედრას, რომელზეც მხარეებმა სავაჭრო შეთანხმებები და აშშ-ის საექსპორტო შესაძლებლობები განიხილეს, რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.
"მადლიერი ვარ ამ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისთვის, რომელიც კრიტიკული მინერალური მარაგების დივერსიფიკაციისა და მოძველებული ბარიერების მოხსნისკენ არის მიმართული. სამწუხაროდ, ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ ცოფიანი რეჟიმი საფრთხეს უქმნის აშშ-ის შუა დერეფნის მინერალებზე საპორტო და სახმელეთო წვდომას, თავის პორტს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას აძლევს და რეპუტაციის მქონე ინვესტორებს, მაფიოზური კორუფციის სასარგებლოდ აძევებს. ჩინეთის ინფრასტრუქტურით მართული და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებადი სავაჭრო მარშრუტები საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეკონომიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებას", - წერს ჯო უილსონი.
მარკო რუბიოს "პოსტში", რომელსაც კონგრესმენი პასუხობს, აღნიშნულია, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა იმ საერთაშორისო თანამშრომლობების გაღვივებას ემყარება, რომლებიც ქვეყნის ინტერესებშია და მშვიდობასა და კეთილდღეობას უწყობს ხელს.
"ვუმასპინძლე ცენტრალური აზიის ხუთი მთავრობის ლიდერს ვაშინგტონში C5+1-ის მეათე წლისთავისადმი მიძღვნილ ბიზნეს კონფერენციაზე, რათა განგვეხილა ახალი ინვესტიციები და სავაჭრო შეთანხმებები, რომლებიც შექმნის სამუშაო ადგილებს, და ექსპორტის შესაძლებლობები ამერიკული ფირმებისთვის, რეგიონის ეკონომიკების გაძლიერებასთან ერთად. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ამერიკის საგარეო პოლიტიკა ემყარება ისეთი თანამშრომლობის აშენებას, რომელიც იცავს ჩვენს ინტერესებს და ხელს უწყობს მშვიდობასა და კეთილდღეობას", - წერს სახელმწიფო მდივანი.




























