მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების" ყოფილი პარტნიორები ევროპარლამენტს სთხოვენ, 2 000-მდე ქართველ ჩინოსანსა და მათ ოჯახებს უვიზო გაუუქმონ

ნაჩო სანჩეს ამორი

სოციალ-დემოკრატების ფრაქცია ევროპარლამენტს მოუწოდებს ათასიდან 2 ათასამდე ქართველ მაღალჩინოსანს და მათ ოჯახის წევრებს უვიზო გაუუქმონ. ამის შესახებ ფრაქციის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ნაჩო სანჩეს ამორმა 13 ოქტომბერს, ბრიუსელში ფრაქციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ევროპარლამენტის წევრი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის უვიზოს გაუქმება ევროკომისიას ახალი მექანიზმით შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ სოციალ-დემოკრატები „ქართული ოცნების“ ყოფილი პარტნიორები არიან. 2023 წელს "ოცნებამ" დატოვა პარტია და მიზეზად სოციალ-დემოკრატების წარმომადგენლების ქმედებები დაასახელა, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს ხელისუფლებაზე კრიტიკულ რეზოლუციებს.

ევროპარლამენტარის განცხადებით, საქართველოს მთავრობის 100 წარმომადგენლისთვის ადამიანის უფლებების დარღვევისა და ოპოზიციის დევნის გამო უვიზოს გაუქმება "უშედეგო და კოსმეტიკური" იქნება, "მათთვის მტკივნეული უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში არ იმუშავებს", - თქვა მან.

ნაჩო სანჩეს ამორს სჯერა, რომ ევროპარლამენტში წინადადებას დიდი მხარდაჭერა ექნება. როგორც DW წერს, სოციალ-დემოკრატები უვიზოს გაუქმებას "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების გარდა, მოსამართლეების, პროკურორებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგაც ითხოვენ.

7 ოქტომბერს, ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმს დაუჭირა მხარი. მიღებული დოკუმენტის მიხედვით ევროკავშირი ამარტივებს უვიზოდ მოგზაურობის გაუქმებას იმ ქვეყნებთან, რომლებიც უსაფრთხოების კუთხით საფრთხეს წარმოადგენენ წევრი ქვეყნებისთვის, ან არღვევენ ადამიანის უფლებებს.

ცვლილებები ჯამში 61 ქვეყანას შეეხება, რომელთა მოქალაქეებსაც ამჟამად შენგენის ზონაში 90 დღით დარჩენა შეუძლიათ (180-დღიან პერიოდში). ახალი მექანიზმი ევროკომისიას შესაძლებლობას აძლევს უსაფრთხოების საფრთხის არსებობის პირობებში ხელახლა დაუწესოს ქვეყანას სავიზო მოთხოვნა თავდაპირველად დროებით სანამ გამოძიება და დიალოგი მიმდინარეობს, შემდეგ კი უვადოდ თუ პრობლემა არ აღმოიფხვრება. შეჩერების მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს შიდა უსაფრთხოების საკითხები, მაგალითად გაზრდილი კრიმინალური შემთხვევები ამ ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, ან ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი ზრდა.

შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ახალი საფუძვლებია:

  • ჰიბრიდული საფრთხეები (როგორიც არის მიგრანტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია);
  • ინვესტორთა მოქალაქეობის სქემები (ან „ოქროს პასპორტები“);
  • ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა;
  • გაეროს ქარტიის, საერთაშორისო ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები;
  • საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა;

უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების ვადა 9-დან 12 თვემდე იზრდება და შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 24 თვით (ნაცვლად დღეს მოქმედი 18 თვისა). ამ ეტაპზე 61 ქვეყნის მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ მოგზაურობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები