კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ხსნის, რატომ ვერ იქნება მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი.
„მე და თქვენ რომ ძალიან კარგი რაღაც დავწეროთ, ხელი მოვაწეროთ და ვთქვათ, რომ ეს არის კანონია, ხომ ვერ იქნება ის კანონი?!“, - ასეთი მარტივი ანალოგია მოიყვანა იურისტმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
„პარლამენტის პირველი შეკრებიდან მოყოლებული მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ყველა კანონი და მათ შორის პრეზიდენტის არჩევნები, კონსტიტუციურად კოჭლია და ასე იქნება იქამდე, ვიდრე პრობლემები დემოკრატიული გზით არ გადაწყდება.
წარმოიდგინეთ, მე და თქვენ რომ დავწეროთ რაღაც ძალიან კარგი და ვთქვათ, რომ ეს არის კანონი. მსგავსი რაღაც შეიძლება, წარმოიდგინოთ მოქმედ პარლამენტთან და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. რატომ არაა ჩვენ მიერ დაწერილი კანონი ნამდვილი კანონი?! იმიტომ რომ მოქალაქეებს ჩვენთვის უფლებამოსილება არ მიუციათ, მათი სახელით მიგვეღო სავალდებულო აქტი, რომელსაც კანონი ჰქვია“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
იურისტს მიაჩნია, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა.
„წერტილთან“ ინტერვიუში ლევან ალაფიშვილმა მიმართა იმ მოქალაქეებს, ვისაც სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროპული გზიდან არ გადაუხვევია.
„დავფიქრდეთ, როცა „ოცნება“, რომელიც 2028 წლამდეა არჩეული, გეუბნებათ, რომ ევროინტეგრაციის პროცესს ვაჩერებთ ახლა, მაგრამ 2030 წელს გავხდებით EU-ის წევრებიო, ვისი სახელით გპირდებათ?! ჭამთ ასეთ დაპირებას?! - თუ - კი, მაშინ შენი ბრალია.
ან კიდევ ერთი ტყუილი, რომ თითქოს 2025 წლის 20 იანვრის შემდეგ ანუ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გადაწყდება ყველა პრობლემა - როგორ გგონიათ, რომ ამერიკა გაიპრობლემებს თავს და „ქართულ ოცნებას“ მხარს დაუჭერს?! ესეც არის მორიგი ტყუილი საკუთარი ამომრჩევლებისთვის“, - ამბობს იურისტი.