პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის „მდგრადი მმართველობა და მოქნილობა“ (EU4 Sustainable Governance and Resilience) შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს: მარკ ლიკის, ჟან ჩარლზ ამეელსის და დავით შოშიტაიშვილს შეხვდა.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ სამომავლო თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.
როგორც პარლამენტის ადმინისტრაცია იტყობინება, კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის შემფასებელთა მისიას, საფინანსო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით, კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო.
"შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი პროგრამის მანდატიდან გამომდინარე, კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მუშაობის პრინციპზე გაკეთდა. მათ შორის ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუდიტის ჯგუფი სახელმწიფო აუდიტის მიერ წარმოდგენილ ცენტრალური დონის ყველა ანგარიშს იხილავს. სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების 2022 წლის შეფასების (PEFA) თანახმად, უმაღლესი (A) შეფასება მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და აუდიტის ჯგუფის მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ", - იტყობინება პარლამენტი.