მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაკისტანის მთავრობამ კრიპტოაქტივები და მაინინგი აკრძალა

646dfcdbea5da
გიორგი თოლორდავა
24.05.23 16:10
1071
პაკისტანის მთავრობამ კრიპტოაქტივების სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით დაიხურება უკლებლივ ყველა კრიპტობირჟა; მაინინგი სრულად აიკრძალება, მოქალაქეებსა და კომპანიებს კი კრიპტოაქტივებით სარგებლობა შეეზღუდებათ.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, კრიპტოაქტივები ტერორიზმის დაფინანსების და ფულის გათეთრების დიდ საფრთხეს შეიცავენ, ამიტომაც პაკისტანის მთავრობა მათ ლეგალიზებას არასოდეს დაუშვებს.

პაკისტანის ეროვნული ვალუტის რეკორდულად გაუფასურების და ინფლაციის ზრდის ფონზე, მოქალაქეებმა ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების აქტიურად შესყიდვა დაიწყეს. 2021 წლის გლობალურ რეიტინგში კრიპტომოხმარებით პაკისტანი მესამე ადგილზე იყო, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველდღიურ ტრანზაქციებში კრიპტოს აქტიურად გამოიყენებდა, ნაცვლად გაუფასურებული ეროვნული ვალუტისა.

კრიპტოინდუსტრიის აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა ქვეყნის ტექნოლოგიურ სამინისტროც, რომელმაც განაცხადა, ბლოკჩეინი უსარგებლო ინოვაციაა და მისგან სარგებლის მიღება შეუძლებელია. გარდა ამისა, სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგიური მომავალი ხელოვნური ინტელექტისაა, ამიტომაც პაკისტანის მთავრობა AI-ის მიმართულებით 10,000 სტუდენტის გადამზადებას დაიწყებს, ამის წყალობით კი მომდევნო ათწლეულში პაკისტანი ტექნოლოგიური რევოლუციის ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად, პაკისტანი აზიის ერთ-ერთი ყველაზე განუვითარებელი სახელმწიფოა, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1,500 დოლარს შეადგენს.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები