ირანი პაკისტანში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდში მონაწილეობაზე კვლავ უარს ამბობს. იმის მიუხედავად, რომ შეხვედრა დღესაა ჩანიშნული, ოფიციალური თეირანი განმარტავს, რომ შტატების მხრიდან ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის სატვირთო გემის დაკავება მოლაპარაკებებს აზრს უკარგავს. კიდევ ერთი მიზეზი, რომელსაც თეირანი ასახელებს ვაშინგტონის მხრიდან „ზედმეტი მოთხოვნები“ და მუდმივად ცვალებადი პოზიციებია.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისლამაბადში უკვე გაგზავნა დელეგაცია და მას სათავეში ქვეყნის მეორე პირი, ჯეი დი ვენსი ჩაუყენა. ის სპეციალურ წარმომადგენელ, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად პაკისტანის დედაქალაქში რამდენიმე საათში ჩავა, თუმცა ამ დრომდე თეირანიდან ირანული დელეგაცია არ დაძრულა.
შეგახსენებთ, კვირას გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა ირანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და, საბოლოო გარიგების ვერდადების შემთხვევაში, ქვეყნის ყველა ელექტროსადგურისა და ხიდის განადგურებით დაიმუქრა.
ვითარება კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკულმა მხარემ ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი Touska დააკავა. დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ხომალდმა საზღვაო ბლოკადის გვერდის ავლით ჰორმუზის სრუტის გავლა სცადა. არსებული ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გემის სამანქანო განყოფილების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რამაც ხომალდის პარალიზება გამოიწვია. მომხდარს ირანის გაერთიანებული სამხედრო სარდლობა, ხატამ ალ-ანბია გამოეხმაურა და ამერიკელების ქმედებას „მეკობრეობა“ უწოდა. თეირანში განაცხადეს, რომ გემი ჩინეთიდან ირანისკენ მიემართებოდა და ის სანქცირებული არ იყო. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ირანმა საპასუხო იერიშიც დააანონსა.
პარალელურად, თეირანმა ჰორმუზის სრუტეზე შეზღუდვები კვლავ აღადგინა და სტრატეგიული საზღვაო გზა ხელახლა ჩაკეტა. როგორც ირკვევა, ირანის სამხედრო ძალებმა ბოტსვანისა და ანგოლის დროშის ქვეშ მცურავ ორ ტანკერს კურსის შეცვლა აიძულეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კატარღებმა ცეცხლი ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდსაც გაუხსნეს. თეირანის პოზიციით, სრუტეზე ნაოსნობის სრული თავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგება, თუ ვაშინგტონი ირანული პორტების ბლოკადას შეწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე ოფიციალურად 4 მარტს ჩაკეტა. აშშ-ის პოზიცია კი ის არის, რომ მათ მიერ დაწესებული ბლოკადა მანამ შენარჩუნდება, სანამ მხარეებს შორის მუდმივი სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმდება.




























