ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში ტურისტებზე შეიარაღებული თავდასხმიდან ორი კვირის შემდეგ, ინდოეთმა პაკისტანსა და პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირზე იერიში მიიტანა.
ინდოეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ოპერაცია "სინდორი" ქვეყნის "ვალდებულების" ნაწილია, რათა 22 აპრილის 25 ინდუსისა და ნეპალის ერთი მოქალაქის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.
პაკისტანი ქაშმირში მომხდარ თავდასხმაზე ჩართულობას უარყოფს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინდოეთის მხრიდან "აგრესიის ეს ამაზრზენი აქტი დაუსჯელი არ დარჩება".
პაკისტანის ინფორმაციით, ინდოეთის თავდასხმას სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა, 46 კი დაშავდა. პაკისტანური სამხედრო ძალების ინფორმაციით, 7 მაისის დილას მათ 5 ინდური მფრინავი და დრონი გაანეიტრალეს. თავის მხრივ, ინდოეთი ამტკიცებს, რომ პაკისტანის მიერ ინდოეთის ქაშმირის დაბომბვას სულ მცირე 7 მოქალაქე ემსხვერპლა.
ოფიციალური ცნობით, ინდოეთმა მიზანში შვიდი სხვადასხვა ლოკაცია ამოიღო პაკისტანისა და ქაშმირის ტერიტორიაზე. მათი განცხადებით, დაიბომბა "ტერორისტული ინფრასტრუქტურა". ინდოეთი აცხადებს, რომ თავდასხმა იყო წინასწარ დაგეგმილი, გათვლილი და, თავისი ბუნებით, ვითარების ესკალაციას არ უნდა იწვევდეს.
ორ მეზობელ ქვეყანას შორის კონფლიქტი 22 აპრილს გაღრმავდა - ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში, ტურისტულ კურორტზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირების თავდასხმას 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ თავდამსხმელები მიზნად ინდუს კაცებს იღებდნენ. ეს რეგიონში ბოლო ორი ათწლეულის ყველაზე მძიმე თავდასხმაა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია და უცნობია თავდამსხმელების ვინაობაც. თუმცა ინდოეთის პოლიცია ფიქრობს, რომ თავდამსხმელები პაკისტანის მოქალაქეები იყვნენ, რასაც პაკისტანი უარყოფს.
თავდასხმიდან ორი კვირის განმავლობაში ორ მხარეს შორის ურთიერთობა დამძიმდა - ქვეყნებიდან გამოაძევეს დიპლომატები, შეაჩერეს ვიზები და დახურეს საზღვრები.
ინდოეთი vs პაკისტანი – რა უნდა ვიცოდეთ ქაშმირის კონფლიქტის შესახებ?




























