ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიას, Palantir-ს უკიდურესად არასახარბიელო შედეგები აქვს. ერთკვირიან პერიოდში კომპანიის აქციების შეფასება 25%-ითაა შემცირებული და საბაზრო კაპიტალიზაცია $206 მილიარდამდეა დაცემული.
Palantir-ის მკვეთრი დაღმასვლა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას უკავშირდება, რომელიც ამბობს, რომ ის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებას გეგმავს.
საქმე ისაა, რომ Palantir-ის შემოსავლების უდიდესი ნაწილი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტზე მოდის, რადგან ტექნოლოგიური კომპანია ამერიკულ ჯარს სამხედრო ტექნიკის ოპერირებისათვის საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას და AI-ზე დაფუძნებულ მონაცემებს აწვდის, ანუ ის სამხედრო კონტრაქტორია.
თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება, სავარაუდოდ, Palantir-ის შემოსავლებზე ნეგატიურად აისახება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია, სავარაუდოდ, მაღალტექნოლოგიური მიმართულებით დაიწყება, რომელიც სწორედ Palantir-ის საქმიანობის სფეროს მოიცავს.
უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის განმავლობაში Palantir-ს საფონდო ბირჟაზე საუკეთესო შედეგი ჰქონდა და კომპანიამ 530%-იანი ზრდა დააფიქსირა, თუმცა ტრამპის განცხადების გავრცელების შემდეგ, კომპანიის მკვეთრი დაღმასვლა დაიწყო.
აქვე, ცნობისთვის გეტყვით, რომ Palantir-ის თანადამფუძნებლები ცნობილი ამერიკელი მეწარმეები: პიტერ თილი, ალექს კარპი და სტივენ კოენი არიან.