პალაუს რესპუბლიკის ეროვნული ციფრული ვალუტა, იგივე CBDC კომპანია Ripple-მა უნდა შექმნას, რომელიც კრიპტო და ბლოკჩეინ ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერია.
სწორედ Ripple-ის მიერაა შექმნილი კრიპტოვალუტა XRP, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 40 მილიარდ დოლარს შეადგენს.
გარიგების პირობების თანახმად, Ripple-მა სახელმწიფოსთვის ციფრული ვალუტა უნდა შექმნას, რომელიც ამერიკული დოლარით იქნება გამყარებული და ტრანზაქციისათვის XRP Ledger-ს გამოიყენებს, ანუ კომერციულ ბლოკჩეინს, რომელიც განსაკუთრებით მაღალი სიჩქარით, გამტარობითა და სიიაფით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ Ripple-თან მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებიც აწარმოებენ და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გამოშვებული ციფრული ვალუტების უდიდესი ნაწილი სწორედ Ripple-ის მიერ იქნება შექმნილი.
ზოგადად, ციფრულ და კრიპტო ვალუტას შორის რამდენიმე ფუნდამენტური განსხვავებაა. კრიპტოვალუტა დეცენტრალიზებულია; ეროვნული ციფრული ვალუტა კი სრულად ექვემდებარება ფინანსთა სამინისტროს ან ეროვნული ბანკის კონტროლს. გარდა ამისა, კრიპტოაქტივის ფასი დამოკიდებულია უშუალოდ პროექტის ღირებულებაზე; CBDC-ის ღირებულება კი ზუსტად იმეორებს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს.