მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პანდემიის შემდეგ საქართველოში მოგზაურობის სურვილი გაიზარდა“ – Ria Travel Georgia

645b75c8a6673
სალომე ხიდურელი
15.05.23 00:25
840
დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ATM Dubai ქართული ტურისტული კომპანიები 150 ქვეყნის 2000-ზე მეტ წარმომადგენელთან ერთად მონაწილეობდნენ. ქართული ტურისტული სექტორისთვის მსგავს გამოფენებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე BM.GE-სთან კომპანია Ria Travel Georgia-ს დამფუძნებელი და დირექტორი მარიამ ხოსროშვილი საუბრობს.

„საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველო დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ყოველწლიურად მონაწილეობს, სადაც ტურისტულ კომპანიებს საერთაშორისო სააგენტოებთან სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობა გვეძლევა.

დღესდღეობით, განსაკუთრებული დაინტერესება მოდის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ტურისტული კომპანიებისგან ზაფხულის სეზონზე სამთო, საზღვაო, სპა და გამაჯანსაღებელ კურორტებზე“, - აღნიშნავს მარიამ ხოსროშვილი.

ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ წლევანდელ ტურისტულ სეზონზე შემოსული ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა დარგის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველო ამას მომზადებული უნდა დახვდეს.

„ვფიქრობ, ინფრასტრუქტურის კუთხით, საქართველო მზად არის ტურისტებს დახვდეს, რადგან განთავსების ობიექტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, იხსნება 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები. თუმცა ვისურვებდი, რომ უფრო მეტად იყოს ათვისებული ახალი ადგილები, რადგან როცა საქართველოში ტურისტები განმეორებით ჩამოდიან, მათ განსხვავებული ადგილების ნახვა სურთ.

ჩვენი დაკვირვებით, პანდემიის შემდეგ საქართველოში მოგზაურობის სურვილი გაიზარდა, თუმცა ქვეყანამაც უნდა შეძლოს და რეგიონში კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს. საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი, უცხოელი ტურისტის მიერ, ძირითადად, ერთ დანიშნულების პუნქტად აღიქმება და ბიუჯეტი ხდება გადამწყვეტი. აზერბაიჯანი და თურქეთი სამოგზაუროდ დაბალბიუჯეტურ ქვეყნებად აღიქმება და ტურისტული ნაკადები ფასების გამო არაერთხელ დაგვიკარგავს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ბიუჯეტურობის მხრივაც კონკურენტუნარიანი იყოს“, - განმარტავს მარიამ ხოსროშვილი.

Ria Travel Georgia-ს დამფუძნებელმა BM.GE-სთან ქართული ტურისტული სექტორის გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განთავსების ობიექტების მიერ უცხოურ კომპანიებისთვის შეთავაზებული დემპინგური ფასების გამო, სააგენტოების მხრიდან მონოპოლიაა შექმნილი, დაბალი ფასის მომსახურებისათვის კონკურენციის გაწევა კი ხარისხიან ქართულ კომპანიებს, არ შეუძლიათ.

„სამწუხაროდ, დღეს ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანიების დიდი ნაწილი საქართველოში რეგისტრირებული არაბული კომპანიები არიან, რომლებიც ბაზარზე დემპინგის საშუალებით დომინირებენ. აღნიშნულ კომპანიებში ძალიან დიდია სერვისის პრობლემა, რადგან ბევრ მათგანს არაკვალიფიციური, დაბალბიუჯეტიანი კადრები ჰყავთ დასაქმებული, მათ შორის გიდები, რომლებიც უცხო ენას კარგად ვერ ფლობენ და სტუმრებს ქვეყნის პოტენციალს ბოლომდე ვერ აცნობენ. მათი ერთადერთი უპირატესობა ისაა, რომ სასტუმროები 40-50%-იანი ფასდაკლებით სთავაზობენ ნომრებს.

აქედან გამომდინარე, ძალიან გვიჭირს, კონკურენცია გავუწიოთ აღნიშნულ კომპანიებს და გვჭირდება სახელმწიფო რეგულირება, რომ ბაზარი სწორად მოეწყოს. ისედაც ცოტა ვართ ქართული კომპანიები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე ვმუშაობთ და საერთოდ გავქრებით, თუ დემპინგური ფასების პრობლემა არ მოგვარდა“, - ამბობს Ria Travel Georgia-ს დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები