მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პანდემიის შემდგომ თამბაქოს მონიტორინგის ნაწილი შესუსტებულია” - აკაკი ზოიძე

6476fd9ca6534
ლიკა გურაბანიძე
31.05.23 12:49
364
თამბაქოს შესახებ კანონით ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება და სპონსორობა აიკრძალა, ამოქმედდა თამბაქოს ნაწარმის გარე ხილვადობის შემზღუდველი ნორმა, სავაჭრო ვიტრინებსა და დახლებზე თამბაქოს ჩვენება შეჩერდა, დარღვევებზე ამოქმედდა სანქციები. ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი, აკაკი ზოიძე BMG-სთან აცხადებს, რომ “პანდემიის შემდგომ მონიტორინგის ნაწილი შესუსტებულია, სოციალური ნორმა შეიცვალა”.

მისი თქმით, დახურულ სივრცეებში მოწევაზე უფრო მაღალია ტოლერანტობა და უფრო დაბალია მიუღებლობა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაწილი კომუნიკაციური კუთხით საზოგადოებასთან დარეგულირებული იყოს. აღსრულების კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ძალისხმევა გავააქტიუროთ. ეჭვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტიანია საზოგადოებრივი მონიტორინგი? - ის ეფექტიანია, რადგან მონიტორინგის შედეგები ამაზე მეტყველებს. ძალიან მნიშვნელოვანია,რომ საზოგადოების გააქტიურება მოხდეს, რომ პროცესი უკან არ დაბრუნდეს”, - აღნიშნა ზოიძემ.

მისივე თქმით, დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანმა თამბაქოს მოხმარება ან არ დაიწყო, ან თავი დაანება და ეს არის თამბაქოს კანონმდებლობის ძირითადი ორიენტირი, რომ ახალგაზრდებმა თამბაქოს მოხმარება არ დაიწყონ. “ეს მხოლოდ იმ პირობებში ხდება, როდესაც საკმაოდ მკაცრი ზედამხედველობა ერთი მხრივ აღმასრულებელი საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან და მეორე ის, რომ მონიტორინგში საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან ჩართულები. ეს გარკვეულწილად ამ პროცესს ეხმარება. რაც მთავარია მოქალაქეების სოციალური ნორმა შეიცვალა. თუ მანამ არ ჰქონდა წარმოდგენილი, რომ დახურულ სივრცეში მოწევა შესაძლებელი არ იყო დღეს ეს კანონდარღვევაა და მიუღებლობას იწვევს”, - განმარტა ზოიძემ.

როგორც მან BMG-ს განუმარტა, პრობლემაა ელექტრონული სიგარეტების არსებობაც.

“გამოწვევად რჩება ახალი პროდუქტები, მათ შორის ელექტრონული სიგარეტები, რომლის ძირითადი დანიშნულებაა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების რენორმალიზაცია, რაც ძალიან მიმზიდველია თავისი გემოებით, რომ ახალი თაობა ანკესზე წამოაგონ და ნიკოტინზე დამოკიდებულება განუვითარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ თამბაქოს ინდუსტრიის მანიპულაციურ მარკეტინგს შესაბამისი რეგულაციები წინ აღუდგეს, ასევე საზოგადოებასთან კომუნიკაციით. დღეს ამ აღქმისთვის ბრძოლაა და ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები