გიდ ნუცა ცქიმანაურის აზრით, საქართვეელოში ინკლუზიური ანუ ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებისთვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.
„ტურიზმი ყველასთვის“ - 2016 წელს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მთავარი კონფერენციის თემა ინკლუზიური ტურიზმი იყო.
ნუცა ცქიმანაური განმარტავს, რომ ინკლუზიური ანუ ხელმისაწვდომი ტურიზმი გულისხმობს ამ ინდუსტრიაში ჩართული ყველა კომპონენტის ხელმისაწვდომობას და ის არ მოიაზრებს მხოლოდ ეტლით მოსარგებლე ადამიანებს.
„ამოსავალი წერტილი უნდა იყვნენ ადამიანები, მოგზაურები, ვისაც სხვადასხვა მიზეზით, თუნდაც დროებით, შეზღუდული აქვთ ფიზიკური შესაძლებლობები. აქ შეგვიძლია ვიგულისხმოთ პოსტოპერაციული პერიოდი, ან მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები, ვინც ეტლით სარგებლობენ. რამდენიმე წლის წინ, მცდელობა გვქონდა, მსგავსი ტურის მოწყობის და მივხვდი, რომ იდეა ჩანასახშივე განწირული იყო. ინფრასტრუქტურა, გარემო, დამოკიდებულება, სასტუმროები, კაფეები - ერთი ჯაჭვის რგოლებია, სადაც გამართულად არაფერი მუშაობს“, - თქვა ნუცა ცქიმანაურმა და იქვე დასძინა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ადაპტირებული სივრცეები შეიქმნას.
„თუ ვართ მოწადინებული, რომ ქვეყანა ყველას გავუღოთ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც შეეძლოთ მოგზაურობა, საჭიროა, ამ მიმართულებით პრობლემების გადაჭრაზე ვიფიქროთ და ვიმუშაოთ და არა მხოლოდ უცხოელებისთვის, არამედ საქართველოში, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები და ამიტომაც თავისუფლად ვერ მოგზაურობენ საკუთარ ქვეყანაში.
რა პრობლემები გვაქვს?
არ მუშაობს თურქეთის მთავრობის დახმარებით მოწყობილი, მიწისქვეშა გადასასვლელებზე დამონტაჟებული ლიფტები;
პანდუსები არ ემთხვევა ზებრას, ან საერთოდ არ არის;
ეტლით მოსარგებლეებისთვის ორი ტრანსპორტი გვაქვს ანუ სანთლით საძებნელია;
კაფეებს, რესტორნებს, მუზეუმებს, გამონაკლისების გარდა, არ აქვთ ადაფტირებული საპირფარეშოები და მანამდე შეღწევაც ხომ გინდა?!
თბილისში, მარტო ჯანაშია და რუსთაველი და ქუთაისში მონპლაზირი ვანახოთ?!
და საერთოდაც, სანამ უცხოელ ტურისტებამდე მივალთ, საკუთარი მოქალაქეები რომ გვახსოვდეს?!“, - განაცხადა ნუცა ცქიმანაურმა.გიდის შეფასებით, საქართველო ამ ეტაპზე არაა ნომერი #1 სამოგზაურო ქვეყანა მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტისთვის, როგორებიცაა ასაკიანი ადამიანები.
„მოგზაური, რომელსაც აქვს ფუფუნება დახარჯოს ფული და კომფორტულად იმოგზაუროს თავის ტკივილის გარეშე, ხანდაზმული ადამიანები არიან, ვინც უკვე დამსახურებულ პენსიაშია და მთელ დროს მოგზაურობას უთმობს. სწორედ ასეთი ადამიანები მოგზაურობენ საქართველოში ყველაზე ხშირად და სტატისტიკაც, ჩვენს ქვეყანაში გატარებული დღეების მიხედვით, მათ სასარგებლოდ მეტყველებს. ამ ხალხს უკვე ნანახი აქვს მსოფლიო და ახლა, როცა ჯერი საქართველოზე მიდგა, ისინი საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში შეიძლება ვერ იყვნენ. შესაბამისად, ისინი მათზე მორგებულ, კომფორტულ ინფრასტრუქტურას ანიჭებენ უპირატესობას“, - აცხადებს ნუცა ცქიმანაური.