მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმში კადრების დეფიციტის პრობლემა უფრო მწვავედ დგას... სერვისი გაუარესდა - ჰოტელიერი

მაია მურაჩაშვილი

ჰოტელიერ მაია მურაჩაშვილის შეფასებით, შარშანდელთან შედარებით, წელს ტურიზმის სფეროში სერვისის ხარისხი გაუარესდა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

მაია მურაჩაშვილი, რომელიც ამჟამად სასტუმროების „როშე გუდაურის“ და „ვესტ ინ ჯორჯია - ქუთაისის“ მმართველი პარტნიორი და ტურისტული კომპანია “იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელია, ამბობს, რომ სერვისის გაუარესება იგრძნობა როგორც სასტუმროებში, ისე რესტორნებსა თუ პაბებში.

„შარშანდელთან შედარებით, წელს სერვისი გაგვიუარესდა, რადგან კადრების დეფიციტია. მაგალითად, იქ, სადაც სტანდარტულად 20 ადამიანი უნდა მუშაობდეს, მუშაობს 14-15, რადგან ფიზიკურად კადრები არაა. სერვისის ხარისხი ყველგან პრობლემაა, რაც საბოლოოდ, ქვეყნის იმიჯს აფუჭებს“, - აცხადებს მაია მურაჩაშვილი.

ჰოტელიერის შეფასებითვე, წელს, კადრების დეფიციტის პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას და ვარაუდობს, რომ მომავალ წლებში საკითხი კიდევ უფრო გამწვავდება.

"პანდემიის დასრულებიდან დიდი ხანია არაა გასული და ხალხის მეხსიერებაში ჯერაც მყარად არის ჩალექილი, რომ ტურიზმი არაა დასაქმების სტაბილური წყარო. პანდემიამ თუ რამე ჩამოშალა, ეს პირველ რიგში, ტურიზმი იყო. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი რომელიც ტურიზმში იყო დასაქმებული და სამომავლოდაც დარჩენას ფიქრობდა, სხვა უფრო სტაბილურ სფეროში გადავიდა. მეც და ჩემმა კოლეგებმაც კადრების, დაახლოებით 70% დავკარგეთ, რომელთაც მინიმუმ 10 წელი ვამზადებდით და ამ დეფიციტის შევსება პანდემიის შემდეგ ნულიდან დავიწყეთ - მთავარია, ვნახოთ კადრი, რომელიც რამდენიმე უცხო ენაზე ისაუბრებს, იყოს კომუნიკაბელური და დანარჩენს უკვე ჩვენ ვასწვალით“, - აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა.

ამასთან, ჰოტელიერმა „წერტილთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ქვეყანაში არსებული სოციალური დახმარების და დასაქმების პროგრამები.

„ბევრი ადამიანი, რომელიც შრომისუნარიანია, არ იღებს გადაწყვეტილებას, რომ შრომა დაიწყოს, რადგან სოციალურ დახმარებაზე ყოფნა ურჩევნია და ეს უკვე ჩვევაში გადავიდა. ალბათ ათეულათასობით შრომისუნარიანი მოქალაქე გვყავს, რომელიც არ მუშაობს. არ შეიძლება, სოციალური დახმარების პროგრამებით არმუშაობა წავახალისოთ. ამას #წერტილი უნდა დაესვას“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

„სიზარმაცის ხელშეწყობას უნდა დავუსვათ წერტილი“ - ჰოტელიერი სოცდაუცველთა დახმარების პროგრამაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები