ჰოტელიერის და Iberia Tours Plus-ის დამფუძნებლის, მაია მურაჩაშვილის თქმით, სექტორში არამხოლოდ კვალიფიციური, არამედ ზოგადად კადრების დეფიციტი კვლავ მწვავე პრობლემაა. როგორც მან გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა, მისი გამოცდილებით სასტუმროებში საჭირო კადრების პოვნა და დაქირავება რთულია.
მურაჩაშვილის თქმით, მან თბილისსა და ანაკლიაში მდებარე სასტუმროებისთვის კადრების დაქირავების მიზნით, დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსაც მიმართა, რომელიც სოცდაუცველთა დასაქმებას უზრუნველყოფს. თუმცა არცერთ სოციალურად დაუცველს დასაქმების სურვილი არ გამოუთქვამს.
„მივმართე დასაქმების სააგენტოს, რომელიც ხელს უწყობს სოცდაუცველების დასაქმებას. გავაკეთე სია, რომელშიც იყო როგორც შუალედური რგოლის მენეჯერები, ასევე დიასახლისები, მიმტანები და ა.შ. ანუ, გქონდა თუ არა გამოცდილება, მთავარი იყო მუშაობა შეგძლებოდა, ჩვენ დაგასაქმებდით. დარწმუნებული ვარ, ჩემს კოლეგებსაც მიუმართავთ სააგენტოსთვის. მე ორ რეგიონში მივმართე სააგენტოს, თბილისსა და ანაკლიაში. ვიცით, რომ სამეგრელოში ძალიან ბევრია, ვინც იღებს სოციალურ დახმარებას, არცერთგან არავის გამოუთქვამს მუშაობის სურვილი. სააგენტოდან მომდიოდა პასუხი, რომ სამწუხაროდ, ვაკანსიებით არ დაინტერესდნენ.
ეს არის მთავარი პრობლემა, საბოლოო ჯამში, მე და თქვენ, ვინც ვშრომობთ, ჩვენი შრომით გადახდილი საშემოსავლოებით, ჯანმრთელი ადამიანი იღებს სოცდახმარებას და მას არ უნდა მუშაობა“, - აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა და ევროპული მაგალითი მოიყვანა, თუ როგორ მუშაობს სხვაგან მსგავსი პროგრამა.
„თუ არ ვცდები ბელგიაში არსებობს ასეთი პრაქტიკა - სამჯერ თუ შესთავაზებენ დასაქმებას და სამჯერვე უარს იტყვის სოცშემწეობის მიმღები მოქალაქე, მას დახმარება შეუწყდება. კერძო სექტორმა ამაზე ვისაუბრეთ და გავაზიარეთ, რომ შევუწყვიტოთ ამ ხალხს მსგავსად. ისინი მუდმივად ვერ იქნებიან სოცდახმარებაზე. საუბარია ჯანმრთელ ადამიანებზე, არ ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, ვისაც არ შეუძლია ფიზიკურად მუშაობა. პასუხი ამაზე არის შემდეგი: ვმუშაობთ ამ საკითხზე“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა და გადაცემის ბოლოს დასძინა, რომ „ქვეყანაში სიზარმაცეს და სიზარმაცის ხელშეწყობას უნდა დავუსვათ წერტილი“.
ცნობისთვის, ივლისის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 661 ათასზე მეტი ადამიანი იღებს.