მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურიზმის სექტორის საკმაოდ დიდ ნაწილს მოლოდინები გაუცრუვდა“ - მიზეზები

ჰოტელიერი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის მესამე კვარტალის შედეგებს ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს, მაგრამ ზაფხულის ტურისტული სეზონით ბიზნესის ნაწილი ნაკლებად კმაყოფილია - ინდუსტრიას უფრო მაღალი მოლოდინი ჰქონდა.

თემაზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ტურისტული კომპანია Iberia Tours Plus-ის დამფუძნებელმა და ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა ისაუბრა, რომელიც ამჟამად სასტუმროების  - „გუდაური ლოფტის“ და ,,ვესტ ინნ ჯორჯიას" მმართველია.

მაია მურაჩაშვილმა „წერტილთან“ ინტერვიუში „მაღალი მოლოდინების“ მიზეზებზეც ისაუბრა და ის სავარაუდო ფაქტორებიც ახსნა, რატომაც მისი აზრით, ტურიზმის ბიზნესის ოპტიმიზმი ვერ გამართლდა.

„პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ წლევანდელი ზაფხულის ტურისტული სეზონი უკეთესი იყო, ვიდრე - შარშანდელი, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ წელს ტურიზმის სექტორში მეტის მოლოდინი გვქონდა; ეს განპირობებული იყო იმით,  რომ 2021 წლიდან ტურისტების ნაკადის აღდგენა მძლავრი იყო და წელსაც ანალოგიურ ტენდენციას ველოდით;

გარდა ამისა, პოზიტიური მოლოდინი განპირობებული იყო იმითაც, რომ რომ როგორც კერძო სექტორს, ისე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მარკეტინგული კამპანიების ჩატარებაში, საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობაში თანხები და რესურსები არ დაგვიზოგავს; ასევე, წელს საქართველო ITB ბერლინის მასპინძელი ქვეყანაც იყო და ამ ყველაფერმა წარმოქმნა  პოზიტიური მოლოდინები, რაც სამწუხაროდ, ტურიზმის სექტორის საკმაოდ დიდ ნაწილს გაუცრუვდა“, - თქვა მაია მურაჩაშვილმა.

„გუდაური ლოფტის“ და ,,ვესტ ინნ ჯორჯიას" მმართველი, რომელიც ამავდროულად ტუროპერატორია, ამბობს, რომ გაზაფხულზე სასტუმროებში ჯავშნები საკმაოდ მაღალი იყო, რამაც ასევე დადებითი მოლოდინები შექმნა ინდუსტრიაში, მაგრამ ზაფხულისკენ ჯავშნების ნაწილის გაუქმება დაიწყო.

„შესაბამისად, სასტუმროებს ფასების შემცირება მოუწიათ, რადგან მოთხოვნამ იკლო. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ სასტუმროების ნაწილი, დატვირთულობის კოეფიციენტის ჭრილში, 2022 წლის ნიშნულსაც ჩამოსცდა. ჩემი დაკვირვებით, ეს ეხება როგორც ხუთვარკვლავიან სასტუმროებს, ასევე - სასტუმრო სახლებს“, - აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა.

ჰოტელიერის შეფასებით, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ევროპიდან ტურიზმი ჯერ ვერ აღდგა, ხოლო გალფის ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვის ნაწილში საქართველოს კონკურენტები გამოუჩნდნენ, როგორც აზერბაიჯანის, ისე - თურქეთის სახით.

ჩვენ გალფის ქვეყნებზე გვქონდა გათვლა და იმედები, მაგრამ წელს ამ ბაზარს თურქეთმა შესთავაზა ძალიან კარგი პაკეტები, რითაც გარკვეულწილად წაგვართვა დამსვენებლები. მოგეხსენებათ, თურქეთი ძლიერად პოზიციონირებს, განსაკუთრებით, საოჯახო დასვენების და ე.წ. All Inclusive სერვისების კუთხით;

ჩვენთან შედარებით, საკმაოდ დაბალი ფასებით პოზიციონირებს აზერბაიჯანი, რომელიც სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ტურიზმის განვითარებას - ძალიან ბევრ ინფოტურს აკეთებს და საერთაშორისო გამოფენებზეც საინტერესო სტენდებით არის წარმოდგენილი.

ამდენად, აქამდე თუ ჩვენ <საქართველო> ვიყავით გამოკვეთილი, ვერ ვიტყვით, რომ ლიდერობა დავკრგეთ, თუმცა აზერბაიჯანმა კარგად წამოიწია და კონკურენციას გვიწევს. აღსანიშნავია ისიც, რომ გამარტივებული აქვს ვიზები და ქვეყანაში შესვლა, პირობითად, იგივე ინდოეთთან“, - განმარტა ჰოტელიერმა.

როგორ ვუპასუხოთ გაზრდილ კონკურენციას? - მაია მურაჩაშვილს საფასო პოლიტიკით მეზობელი ქვეყნებისთვის კონკურენციის გაწევის გზად საგადასახადო და კომუნალური შეღავათები ესახება.

„საქართველოში ძალიან ძვირი ჯდება სასტუმროს შენახვა, რაც საბოლოოდ ნომრის ღირებულებას აძვირებს. ვგულისხმობ კომუნალურ გადასახადებს.

კადრების დეფიციტის გამო, ბიზნესს სახელფასო ბიუჯეტების გაზრდა მოგვიწია, რაც დამატებითი ხარჯია.

ასევე, ტურიზმის სერვისის ღირებულებაზეც გავლენას ახდენს საწვავის ფასიც - შედეგად, რომ დავითვალოთ, 5-6 დღიანი ტურები გაცილებით ძვირი ჯდება ჩვენთან ვიდრე - სხვაგან“, - აღნიშნა ჰოტელიერმა.

მაია მურაჩაშვილის აზრითვე, კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად და მეტი ტურისტის მოსაზიდად მნიშვნელოვანია უფრო ძლიერი მარკეტინგული კამპანია. „კი არ უნდა გავაცნოთ საქართველო, არამედ მოვანდომოთ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობა“, - თქვა მან.

ცნობისთვის: ორ კვარტალში საქართველოში 2,860,117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა. რაც შეეხება უშუალოდ ტურისტულ ვიზიტებს, 6 თვეში ქვეყანაში 1,930,483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი გვქონდა, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა. განსხვავებით ამ მაჩვენებლისა, არათუ აღდგენა, არამედ გადაჭარბებაა შემოსავლებში - ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობიდან 1.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 400 მილიონით მეტია პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით.

ტურიზმის მესამე კვარტალის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები 15 ოქტომბრის შემდეგ გამოქვეყნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები