საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთში, ნიუ დელიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, SATTE (South Asia’s Travel & Tourism Exchange) 2024-ში მონაწილეობდა. აზიის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 28 სახელმწიფო ორგანიზაცია, ტურისტული კომპანია და სასტუმრო იყო წარმოდგენილი.
როგორც ჰოტელიერმა, მაია მურაჩაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, გამოფენაზე აზიური ქვეყნების დიდმა ინტერესმა მოლოდინებს გადააჭარბა.
მისი თქმით, გამოფენას 50000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობდა, საიდანაც უდიდესი ნაწილი სწორეთ საქართველოს სტენდის გარშემო იყრიდა თავს და ქვეყანაში სტუმრობის სურვილს გამოთქვამდა.
„ამხელა ინტერესის მიზეზი, შეიძლება ითქვას ის იყო, რომ გამოფენაზე არცერთი ევროპული ქვეყანა არ იყო წარმოდგენილი. ევროპულ ქვეყანას მხოლოდ ჩვენ წარმოვადგენდით. გარდა ამისა, უკვე დაწყებულია ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან პიარ და გაცნობითი კამპანიები.
თუ ყველაფერი ისე წავიდა როგორც ჩვენ გამოფენაზე დავინახეთ, ვფიქრობ, ძალიან დიდი ნაკადები უნდა მივიღოთ არა მხოლოდ ინდოეთის, არამედ აზიური ქვეყნებიდან.
კონტრაქტების თვალსაზრისით, ინტერესი უკვე დაწყებილია. გვაქვს მიმოწერებიც. ქვეყნა არის ძალიან სუფთა, ლამაზი და ძალიან ბევრი საინეტერსო რამ გვაქვს, რაც მათ შეიძლება დააინტერესოთ. ამასთან, ჩვენ ევროპასთან შედარებით, ბევრად მარტივად ხელმისაწვდომი ვართ და დასავლეთ ევროპასთან შედარებით, ნაკლებად ძვირი,“-აცხადებს მურაჩაშვილი.
ჰოტელიერი ზამთრის სეზონს აფასებს და ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით, საკმაოდ კარგი სეზონი იყო, რასაც კლიმატურმა პირობებმაც ხელი შეუწყო და ზამთრის სეზონი დეკემბრის 10 რიცხვიდან დაიწყო. ხოლო ტურისტების კუთხით, დასავლეთ ევროპა იყო გააქტიურებული და ნაკლებად მოძრაობდა აზიელი სტუმრების ნაკადები.
მურაჩაშვილი გამოწვევებზეც საუბრობს. აღნიშნავს, რომ ინდოელი სტუმრების კუთხით, კვლავ გამოწვევაა მათი საზღვარზე შემოსვლა, იმისდა მიუხედავად, რომ ისინი საკმაოდ მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტები არიან. აღნიშნული პრობლემა, აზერბაიჯანსა და სომხეთში არ არის, შესაბამისად მათი მიმართულებით, აქტიურად ჩადიან დიდი ტურისტული ჯგუფები.