საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში ტურისტული მიზნით მოგზაურობა უვიზოდ შეუძლიათ.
სასტუმროებში ჩინელი ტურისტების მხრიდან მაღალი მოთხოვნა ჯერჯერობით არ იგრძნობა, თუმცა როგორც ირკვევა, სავიზო ლიბერალიზაციამ ბიძგი მისცა საქართველოში ჩინური კომპანიების შემოსვლას.
„საქმის კურსის“ ეთერში Iberia Tours Plus-ის დამფუძნებელმა, ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა განაცხადა, რომ ტურისტულ სექტორში უკვე დაიწყეს ოპერირება ჩინურმა კომპანიებმა. გაჩნდნენ ჩინელი ტურ-ოპერატორები, გიდები და კომპანიები, რომლებიც საქართველოში ავტობუსების შესყიდვას და ტურისტულ საქმიანობას გეგმავენ.
„ძალიან მოხარული ვიქნებოდით ყველა, რომ [უვიზო მიმოსვლის შემდეგ] მაღალი მოთხოვნა გაჩენილიყო ჩინეთიდან, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი მაღალი მოთხოვნა არ ჩანს. მთავარი პრობლემა არის ის, რომ უკვე თვითონ ჩინელმა ტურ-ოპერატორებმა დაიწყეს ოპერირება საქართველოში ჩვენი ტურ-ოპერატორების გარეშე. ასევე შემოდიან და ითხოვენ ძალიან დაბალ ფასებს. ისეთ დაბალ ფასებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში საოპერაციო ხარჯის ტოლფასია. ზოგიერთ სასტუმროს, ვისაც უღირს, ასეთ დაბალ ფასად თანხმდება, რაც ბაზარს აფუჭებს.
რაღაც არის მოსაფიქრებელი, რომ ჩინეთიდან შემოსულმა ტურ-ოპერატორებმა ვერ შეძლონ საქართველოში ოპერირება და ჩვენი ტურისტული კომპანიები არ აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარეობაში. მათ მოჰყავთ საკუთარი გიდები და ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, რამდენიმე კომპანია უკვე გეგმავს საქართველოში ავტობუსების შეძენას.
მაკროეკონომიკურ ჭრილში თუ განვიხილავთ, ძალიან კარგია, როცა მოდიან, აქ ყიდულობენ ავტობუსებს, თანხას აქ ხარჯავენ, სასტუმროებს აქ ჯავშნიან და ტურისტული კომპანიასაც აქ აფუძნებენ, მაგრამ ამ პაკეტების გაყიდვა ხდება მათ ქვეყანაში, ანუ მოგების დიდი ნაწილი რჩება იქ. როცა ჩვენ, ქართველი ტურ-ოპერატორები ვყიდით პაკეტს, მოგების ნაწილი რჩება ქვეყანაში და ჩვენ აქედან ვიხდით გადასახადებს. როდესაც შემოდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და აქ ხსნიან ტურისტულ კომპანიებს და მინიმალურ ბიუჯეტზე მუშაობენ, ძალიან ცოტა მოგება რჩება ქვეყანაში და ეს მისახედია“,-აცხადებს მაია მურაჩაშვილი.
მისი აზრით, გიდის მომსახურება მხოლოდ სერტიფიცირებულმა, ქართულად მოსაუბრე პირმა უნდა გასწიოს და არა უცხოელმა, რომელიც რას უყვება ქვეყნის შესახებ ტურისტს, არავინ აკონტროლებს. ამასთან, მნიშვნელოვანია არსებობდეს ტურისტული კომპანიის ლიცენზირებაც და მოთხოვნები, რასაც ტურისტული კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს.
„ საუბარია, რომ ლიცენზირება უნდა დაიწყოს, რაც კარგად გასავლელი საკითხია, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე, რომ ტურისტული კომპანია დააფუძნო. ის, რომ 205 ლარი გადავიხადე და უკვე ტურისტული კომპანია ვარ, არა... ტურისტულ კომპანიას გარკვეული ვალდებულებები უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ მიენიჭოს ლიცენზირება. ეს დღეს გამარტივებულია, მესმის, რომ კარგი იყო თავის დროზე ინვესტიციების მოსაზიდად, თუმცა ახლა ეს ყველაფერი ჩარჩოებში უნდა მოექცეს, თორემ ბევრი ქართული კომპანია დაიხურა და ბევრი კიდევ დაიხურება“,-აცხადებს მაია მურაჩაშვილი.