მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საპირფარეშო არის ქვეყნის სახე... არავის უნდა პასუხისმგებლობის აღება“ - გიდი

ნუცა ცქიმანაური

"ტურებს იმის მიხედვით ვგეგმავთ, სადაც მოწესრიგებული საპირფარეშოები გვეგულება“, - ამბობს გიდი ნუცა ცქიმანაური, რომელიც ქვეყნის ტურისტულ ადგილებსა და ძირითად საგზაო არტერიებზე სველი წერტილების პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე რამდენიმე წელია საუბრობს.

მარიამ ცქიმანაურის აზრით, სველი წერტილების პრობლემის მოგვარებისთვის, საჭიროა, პირველ რიგში, მისი აღიარება და შემდეგ ისეთი პროექტის მოფიქრება, რომლითაც კერძო სექტორი დაინტერესდება.

„საპირფარეშო არის ქვეყნის სახე“, - თქვა გიდმა BMGTV-ს გადაცემა „წერტილში“ ამ თემაზე კიდევ ერთხელ საუბრისას.

„წერტილი უნდა დაესვას მოუწესრიგებელ საპირფარეშოებზე საუბარს. ამისთვის კი აუცილებელია, მოგვიმისმინონ გიდებს, იმ ადამიანებს, ვისაც შეგვიძლია ამ ქვეყნის თვალი და ყური ვიყოთ. ჩვენ პირველები ვისმენთ და ვხედავთ რა მოსწონთ და რა - არა ტურისტებს, როდესაც საქართველოში მოგზაურობენ.

გასაგებია, რომ ტუალეტების მართვა სახელმწიფოს საქმე არაა და მხოლოდ საპირფარეშოს მოწყობით კერძო სექტორიც არ დაინტერესდება, ამიტომ ალბათ საჭიროა, ცენტრალურ გზებზე მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის თუ კვების ობიექტების მოწყობა, რომელსაც სველი წერტილი ექნება. იმ ადგილებში კი, სადაც ბიზნესის ინტერესი არ გამოიკვეთება, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა უნდა აიღონ ვალდებულება საჯარო საპირფარეშოს მოწყობის და მართვის. გვესმის, რომ ყველაფერს თავისი ხარჯი აქვს - საჭიროა, ტუალეტები იყოს სუფთა და მოწესრიგებული, ამიტომ არავინ ითხოვს, რომ იყოს უფასო. მთავარია, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები იყოს დაცული.

წლებია ამ პრობლემაზე ვსაუბრობ, როდესაც ტურიზმის ადმინისტრაციას ვუსვამ კითხვას, რომელიც ძალიან ბევრ ფინანსურს რესურსს ხარჯავს ქვეყანაში ტურისტების მოსაზიდად, მესმის, რომ ეს მათი პირდაპირი საქმე არაა, მაგრამ ქვეყნის ტურისტულ იმიჯზე ზრუნვა ხომ ეხებათ?! ისინი ეკონომიკის სამინისტროში გვამისამართებენ, ეკონომიკის სამინისტრო - ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროში და ეს უკანასკნელი კი, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში და ასე დავდივართ წრეზე. არავის უნდა პასუხისმგებლობის აღება“, - განაცხადა ნუცა ცქიმანაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები