მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანკისში ბევრი უცხოელი ტურისტი ჩამოდის, გამიხარდებოდა, ჩვენი ქვეყნის შვილებიც აქტიურად გვსტუმრობდნენ - მექა ხან­გოშ­ვილ­ი

მექა ხანგოშვილი

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლის, მექა ხანგოშვილის განცხადებით, პანკისის ხეობა ტურისტებისთვის თანდათან უფრო მიმზიდველი ხდება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში რეგიონი მნიშვნელოვნად განვითარდა და ინფრასტრუქტურული თუ საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა.

„საბედნიეროდ, ბოლო წლების განმავლობაში პანკისში ბევრი უცხოელი ტურისტი ჩამოდის. გვსტუმრობენ ძირითადად ევროპელები. კერძოდ, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან. თუმცა, მე უფრო გამიხარდებოდა, რომ ჩვენი ქვეყნის შვილები უფრო აქტიურად ჩამოდიოდნენ და პანკისის კულტურას ეცნობოდნენ. ჩვენები უფრო ნაკლებად გვსტუმრობდნენ", - ამბობს მექა ხანგოშვილი და დასძენს, რომ ხეობა სტუმრებს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას, ამასთან საცხენოსნო ტურებსაც სთავაზობს. საოჯახო სასტუმროებიც მრავლად არის და ფასებიც ხელმისაწვდომია.

ჩეჩ­ნუ­რი დი­ას­პო­რის წევ­რი ჩვენთან საუბრისას ქვეყანაში არსებულ მოვლენებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ რეგიონზე შექმნილი ვითარება ჯერჯერობით არ ასახულა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადი ტურისტული ნაკადები მაინც ზაფხულშია, მომავლის პროგნოზირება ხანგოშვილს უჭირს.

„სტუმრები აქტიურად მაინც ზაფხულში ჩამოდიან, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ექნება თუ არა გავლენა, არ ვიცი. ახლა ძირითადად ის ადამიანები ჩამოდიან, ვინც უკვე ნამყოფია პანკისში. როგორი იქნება ზაფხულის სეზონი, ამ ეტაპზე, არ ვიცი.

ხელისუფლების მხრიდან პანკისში არაერთი პროექტი განხორციელდა, თუმცა რა ფასი აქვს ასეთ სიკეთეს, თუ შუა ღამეს უნდა შემოგივარდნენ და შვილი მოგიკლან?!“, - თქვა მან. მექა ხანგოშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას გულისხმობდა, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები