სოფელ ლელუბანში მდებარე „პანორამა ლელუბანი“ წელს, ახალი კოტეჯის დამატებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კოტეჯების დამფუძნებელმა, ნატო რაზმაძემ საუბრობს.
მისი ინფორმაციით, „პანორამა ლელუბანი“ უკვე წელიწადზე მეტია ბაზარზეა და ამ დრომდე, ერთ კოტეჯს მართავდა.
„წლის განმავლობაში, დაახლოებით 85%-ით დატვირთულები ვიყავით. ჩვენი სტუმრების უდიდესი ნაწილი ადგილობრივები არიან, თუმცა ასევე აზერბაიჯანელი და ინდუსი ტურისტებიც გვსტუმრობენ.
ჩვენს კოტეჯს 5-6 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია და მასში განთავსების ღირებულება, საშუალოდ 150 ლარიდან იწყება. ხოლო მის სრულად მოსაწყობად, დაახლოებით 20 000 დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ.
3000 კვ.მ საგვარეულო მიწის ნაკვეთი გვაქვს. ამ ნაკვეთის ერთ ბოლოში ერთი კოტეჯია აშენებული, ხოლო მეორე კოტეჯი მიმდინარე წელს ნაკვეთის მეორე ბოლოში უნდა განთავსდეს“, - აცხადებს რაზმაძე.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საინვესტიციოდ საჭირო თანხების კალკულაცია მიმდინარეობს და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით სარგებლობაც იგეგმება.
ინფორმაციისთვის, „პანორამა ლელუბანი“ თბილისიდან 15 კილომეტრში, სოფელ ლელუბანში მდებარეობს.