მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაპუაშვილი ამბობს, რომ საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემა რიგ შემთხვევაში ჭარბად გამჭვირვალეც არის

ბიურო

"საქართველოს დეკლარირების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა, რიგ შემთხვევაში - ჭარბად გამჭვირვალეც შეგვიძლია ვუწოდოთ" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 15 ნოემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში არსებული ქონებრივი დეკლარაციების სისტემა ერთ-ერთი მოწინავეა თავისი მოცულობითა და გამჭვირვალობით.

"საქართველოში არსებული ქონებრივი დეკლარაციების სისტემა, საკუთარი მოცულობით და გამჭვირვალობით, ერთ-ერთი მოწინავეა. რომელმაც, თავის დროზე ჯილდოც კი მიიღო. ბევრ ქვეყანას, მათ შორის წამყვან ქვეყნებს, წლები დასჭირდათ, რომ ჩვენ დონეზე მოსულიყვნენ, მათ შორის გერმანიას, რომელმაც ახლახან შემოიღო ასეთი წესები", - დასძინა მან.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს დეკლარირების სისტემის ამ დონეზე გამჭვირვალობა შეიძლება რისკებსაც უქმნიდეს სხვადასხვა საჯარო მოხელეებს.

"ჩვენი დეკლარირების სისტემა თავდაპირველად სრულად საჯაროობაზე იყო დაფუძნებული, იცით რომ ქართული ოცნების პირობებში 5 წელია გადამოწმების კომპონენტი დაემატა, როდესაც სახელმწიფო თავად ამოწმებს დეკლარაციებს. ჩვენი დეკლარირების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა, რიგ შემთხვევაში - ჭარბად გამჭვირვალეც შეგვიძლია ვუწოდოთ, იმ მხრივ, რომ არსებობს ბევრი პერსონალური ხასიათის ინფორმაცია, რომელიც საჯაროვდება და რომლის მიმართაც საზოგადოების დიდი ინტერესი შეიძლება არ არსებობდეს, მაგრამ შეიძლება რისკებს უქმნიდეს სხვადასხვა საჯარო მოხელეს, როდესაც მათი მთელი ქონება და ნათესაური კავშირები ჩანს. აღსანიშნავია ის, რომ ეს ინფორმაცია არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ საზღვრებს გარეთ დაინტერესებული პირებისთვისაც ჩანს", - აღნიშნა მან.