საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რაც გასულ წელს მის მიერ მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებს ასახავს. დეკლარაციის მიხედვით, შალვა პაპუაშვილი ფლობს თბილისში მდებარე 114.6 კვ.მ ფართობის ბინას კრწანისის ქუჩაზე, რომელიც 2015 წელს 68,640 აშშ დოლარად შეიძინა. ამავე მისამართზე მას ეკუთვნის ორი ავტოფარეხი, ჯამში 35.6 კვ.მ ფართობით.
სიღნაღის რაიონში, სოფელ ვაქირსა და ტიბაანში, მას აქვს 6 ერთეული მიწის ნაკვეთი, რომელთა ნაწილი მემკვიდრეობით, ნაწილი კი შეძენით აქვს მოპოვებული. მათი ფართობებია 9840 მ², 9999 მ², 1720 მ², 2060 მ², 200001 მ² და 100001 მ².
მისი მეუღლე, გვანცა სუთიძე, ფლობს თბილისში, პაატა სააკაძის ქუჩაზე 400 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებულია 200 მ² საცხოვრებელი სახლი. გარდა ამისა, მას ჩუქებით აქვს მიღებული მიწის ნაკვეთი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
პაპუაშვილის მფლობელობაშია ორი მსუბუქი ავტომობილი: 2008 წლის Hyundai Tucson და 2012 წლის Nissan Xterra. მათი შეძენის ფასი ჯამურად 32,000 აშშ დოლარს შეადგენს.
შალვა პაპუაშვილს ანგარიშები აქვს "თიბისი ბანკში", სადაც სახელფასო ანგარიშზე 11,238.19 ლარია განთავსებული. სხვა ანგარიშებზე ნაშთები უმნიშვნელოა. მისი მეუღლე ფლობს რამდენიმე ანაბარსა და ანგარიშს სხვადასხვა ვალუტაში, თუმცა ნაშთები, გარდა ერთისა, ძირითადად მცირე ოდენობისაა.
გვანცა სუთიძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს 12,000 ევროს ოდენობის ნაღდი დანაზოგი.
დეკლარაციაში ფიგურირებს გვანცა სუთიძის თანამონაწილეობა შპს "გზირიანის მარანში", სადაც ის 50%-იანი წილის მფლობელია ბერდია ბერიძესთან ერთად. საწარმომ 2024 წელს შემოსავალი არ გამოიმუშავა.
პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში 2024 წელს 65,027 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. მას ასევე აქვს ორი მოქმედი სესხი თიბისი ბანკში – ერთი 62,500 ლარის ოდენობით, მეორე კი 15,000 ლარის საკრედიტო ბარათის სახით.
ამასთან, დეკლარაციის თანახმად პაპუაშვილმა კერძო პირს სესხად გადასცა 30,000 ლარი, საიდანაც 2024 წელს 3,020 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
გარდა ამისა, პაპუაშვილს მითითებული აქვს 12,000 ლარის ოდენობის შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან.




























