საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, დღეს ქვეყანაში სესხების მასობრივი გადავადების საჭიროება არ დგას. გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ წლის დასაწყისში სესხების გადავადებით, ფიზიკური პირების დაახლოებით 70%-მა ისარგებლა.
“რაც შეეხება გადავადებებს, მათი მეშვეობით ფიზიკური პირების დაახლოებით 70%-მა ისარგებლა. ჯამური პორტფელის მასშტაბით კი მსესხებელთა 57%-მა. მეორე სამთვიანი ტალღა გადავადებების იყო უკვე ბევრად ნაკლებად გამოყენებული, დაახლოებით 20%-მა ისარგებლა ამ შეთავაზებით. იქაც ჩვენი შეხედულებით ყველას არ ჰქონდა ის ფინანსური სირთულეები და ნაწილმა სავარაუდოდ, გამოიყენა ეს შესაძლებლობა და ზაფხულში გაიმარტივა ფინანსური ტვირთი.
მომავალში უფრო შემცირდება ამის საჭიროება, ბანკებს რა თქმა უნდა აქვთ საკმარისი კაპიტალი და ლიკვიდობა, რათა ინდივიდუალურად ემუშავონ თავიანთ მსესხებლებს და მათ საჭიროების შემთხვევაში გაუხანგრძლივონ სესხების მომსახურების ვადები. თუმცა ასეთი მასობრივი გადავადებების საჭიროება სავარაუდოდ არ დგას და იმედია არც დადგება,”- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის მომზადებისას დაამუშავა სამი შესაძლო სცენარი, რომლითაც მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკა შეიძლება განვითარდეს. ამასთან, საბაზო სცენარის თანახმად, 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა 5%-ით უნდა გაიზარდოს.
“სებ-ის საბაზო სცენარი გულისხმობს, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში უკვე იქნება ვაქცინა ხელმისაწვდომი და მეორე ნახევრიდან დაიწყება ეკონომიკის გაჯანსაღება. მეორე სცენარში ვვარაუდობთ, რომ დაგვიანდება ვაქცინის გაჩენა და ეს გამოიწვევს უფრო ხანგრძლივ შოკს და 2021 წელიც იქნება საკმაოდ რთული წელი. ხოლო მესამე სცენარში გარდა იმისა, რომ ნავარაუდევი გვაქვს 2021 წლის ბოლოსთვის ვაქცინის მიღება, ასევე ვვარაუდობთ, უფრო მკაცრ შეზღუდვებს მსოფლიო ეკონომიკაში.
ჩვენ ამ თითოეული სცენარისთვის შეფასებული გვაქვს უმუშევრობის, მშპ-ის ვარდნის, გაცვლითი კურსისა და საპროცენტო განაკვეთების შესახებ დაშვებები გაკეთებული. მთავარი არის მშპ-ის პროგნოზები. საბაზო სცენარით, 2020 წელს ნავარაუდევი გვაქვს 5%-იანი ვარდნა, ხოლო 2021 წელს 5%-იანი ზრდა.
მეორე, შედარებით უფრო მკაცრ სცენარში ვუშვებთ, რომ ვარდნა იქნება წელს უფრო ძლიერი, 7%-მდე ვარდნა და 2021 წელს კი 2.5%-იანი გაჯანსაღება.
მესამე სცენარში, რომელიც ყველაზე მძიმეა, წელს ველით 9%-იან ვარდნას, ხოლო მომავალ წელს კი 1.5%-იან გაჯანსაღებას.
დღევანდელი გადმოსახედიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ ვართ პირველ სცენარზე, მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაზე გარკვეული მატება გვაქვს პანდემიური თვალსაზრისით,”- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
პაპუნა ლეჟავა “საქმიან დილაში”