მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე მთავრობამ პრეზიდენტი არ მიიწვია - ადმინისტრაცია

ზურაბიშვილი

პრეზიდენტის მიერ ოლიმპიური და პარალიმპიური ჩემპიონების დაჯილდოებამდე ერთი დღით ადრე, მთავრობამ პარალიმპიელების დახვედრა ცერემონიების (პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში) სასახლეში მოაწყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში BM.GE-ის უთხრეს, რომ დღევანდელ ცერემონიაზე პრეზიდენტი არ მიუწვევიათ. მეტიც, მას ამ ცერემონიის შესახებ ინფორმაციაც არ ჰქონდა.

ხვალ კი, დაჯილდოებაზე მთავრობა, მთავრობის მეთაური და პარლამენტის თავმჯდომარე მიწვეული არიან.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ოლიმპიელები ზაფხულში არ დააჯილდოვა, როცა მათი დახვედრა მთავრობამ გამართა. მაშინ, პრეზიდენტმა თქვა:

"მე მაქვს სერიოზული 2 მიზეზი, რის გამოც მათი სასწრაფოდ დაჯილდოება დღეს არ შეიძლება. პირველი მიზეზი - ეს არის საკითხი, რომელიც აერთიანებს ქვეყანას, საზოგადოებას და ეს უნდა ვიზეიმოთ ყველამ, არა ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს და მე ამის მოწყობას ვაპირებ. მეორე - შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი - პარაოლიმპიადა იწყება ახლა და გრძელდება 8 სექტემბრამდე, წარმოუდგენელია, არ ვიცი ვის ავიწყდება, სპორტის მინისტრს თუ მთლიანად მთავრობას, როგორ შეიძლება ჩვენ ვიზეიმოთ, ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება ცალკე და პარაოლიმპიელების ცალკე. არა! არანაირი დისკრიმინაცია, ეს მიუღებელია, ყველას ერთად მივიღებთ. გელოდებით სექტემბერში",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საკითხთან დაკავშირებით 13 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჰკითხეს პრემიერს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი მიწვეული იყო ოლიმპიელების დასახვედრად მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, თუმცა, არ მივიდა. ამიტომ, კობახიძე ამბობს, რომ მთავრობაც არ მივა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიებაზე, რომელიც 13 სექტემბერს არის დაგეგმილი.

"მოვიწვიეთ მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, როცა დავხვდით ოლიმპიელებს, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს და არ მობრძანდა ამ ღონისძიებაზე. მან მას შემდეგ დააანონსა გარკვეული ღონისძიება, როდესაც ჩვენ ოლიმპიელებს მოვუწყვეთ დახვედრა, მას არავითარი ღონისძიება დაანონსებული არ ჰქონდა. უნდა, რომ კინკლაობაში შეგვიყვანოს. ჩვენ არ შევყვებით სალომე ზურაბიშვილს კინკლაობაში. არ გვაინტერესებს საერთოდ, ამაზე დროის დახარჯვას არ ვაპირებთ, ისედაც ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, რთველია, არჩევნებია, მილიონი საქმეა იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილზე არ დავხარჯოთ ძვირფასი დრო.

გამომდინარე იქიდან, რომ მან პატივი არ სცა მთავრობის ინსტიტუტს და არ მოვიდა შესაბამის ღონისძიებაზე, იქ მისვლა ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი. ყველაფერს გარკვეული რეაქცია უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები