პარამეტრების უმრავლესობა არ იძლევა საფუძველს, რომ საქართველოს ეკონომიკა თითქმის 10%-ით იზრდება - ასე აფასებს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს.
საქმე ისაა, რომ საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა, წლის პირველ სამ თვეში კი ზრდამ 9.3% შეადგინა.
როგორც ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, იმ ფონზე, როდესაც ბიზნესის და მოსახლეობის მოლოდინები გაუარესებულია, ხოლო რიგ სექტორებში ზრდის ტემპი არ ფიქსირდება, მსგავსი მაღალი ზრდის ტემპი ნაკლებად მოსალოდნელი იყო. მისივე შეფასებით, აქედან გამომდინარე, ოფიციალურ მონაცემებთან მიმართებაში გარკვეული კითხვის ნიშნებია.
„უცნაურ რეალობაში ვართ, როდესაც ერთი მხრივ, ბიზნეს კლიმატი გაუარესებულია, მოსახლეობის განწყობები ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაუარესებულია. დასაქმებულების მონაცემებს რომ შევხედოთ, მარტში დასაქმებულთა და ხელფასის მიმღებთა რაოდენობა შემცირებულია. თუ შევხედავთ საგადასახადო შემოსავლებს ბიუჯეტში, მარტში კლება იყო. ამ მოცემულობის პარალელურად ჩვენ ვიღებთ შედეგს, რომ მარტში რეალური ეკონომიკური ზრდა 9%-ია. ის, რომ ეკონომიკა იზრდება, ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია, როგორ შეიძლება გაუარესებული ბიზნესკლიმატის, გაუარესებული მომხმარებელთა განწყობების, შემცირებული საგადასახადო შემოსავლების და სტაგნაციაში მყოფი შრომის ბაზრის პირობებში, ეკონომიკა თითქმის 10%-ით იზრდებოდეს.
ერთი რაც შეიძლება ითქვას, მარტი საკმაოდ კარგი იყო საბანკო სექტორისთვის დაკრედიტების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, შეიძლება ეს იყოს ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი. მაგრამ თუ შევხედავთ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან სექტორს, უძრავი ქონების ბაზარს, აქ ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. აქედან გამომდინარე, პარამეტრების უმრავლესობა არ იძლევა საფუძველს, რომ ჩვენს ვთქვათ, ეკონომიკა თითქმის 10%-ით იზრდება. როგორც ვიცით, საქსტატი დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვების მაჩვენებლებს იყენებს და მისი საშუალებით აფასებს ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებლებს. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუკი საბოლოო შედეგებს დაველოდებით, რომ რეალური სურათი დაჯდეს, რადგან ბევრი კითხვის ნიშანია. ეკონომიკაში განწყობები ცუდია, მონაცემები არადამაკმაყოფილებელია და გვაქვს ერთი მონაცემი, რეალური ეკონომიკური ზრდა, რომელიც ამოვარდნილია ამ დიდი სურათიდან, რადგან წესით, სხვადასხვა პარამეტრების ანალიზის საფუძველზე, ასეთი მაღალი ზრდა ყველასთვის ნაკლებად სავარაუდო იყო“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.