მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Paramount-ისა და Warner Brothers-ის გარიგება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა

Paramount WBD

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა Paramount Skydance-სა და Warner Bros. Discovery-ს შორის $110-მილიარდიანი შესყიდვის გარიგება ოფიციალურად დაამტკიცა. არსებული ინფორმაციით, ფედერალურმა უწყებამ შესაბამისი ანტიმონოპოლიური კვლევა წარმატებით დაასრულა.

მარეგულირებლის ოფიციალური შეფასებით, აღნიშნული მასშტაბური შეთანხმება ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას ხელს შეუწყობს, ამერიკელი მომხმარებლების ინტერესებს კი არ დააზიანებს. გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ გარიგების ერთ-ერთ მთავარ მონაწილე მხარე Paramount-ში, სადაც განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი მედიაბაზარზე დომინანტ პლატფორმებთან კონკურენციას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. მენეჯმენტში აღნიშნეს, რომ გარიგების უმოკლეს ვადებში დასრულებას მოუთმენლად ელიან.

ფედერალური თანხმობის მიუხედავად, მაინც არსებობს ალბათობა, რომ რიგ შტატებში გენერალურმა პროკურორებმა ეს შეთანხმება გაასაჩივრონ. ამ ეტაპზე შესყიდვის პროცესს კალიფორნიის იუსტიციის დეპარტამენტი აქტიურად სწავლობს. მოკვლევის მიზანი კი იმის დადგენაა, დააზიანებს თუ არა კოლოსალური მოცულობის კორპორაციული გარიგება კონკურენციის პრინციპებს და შეუქმნის თუ არა საფრთხეს ბაზრის სხვა წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, თუ სხვა გაუთვალისწინებელი წინაპირობები არ გაჩნდა, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ლარი ელისონის შვილის, დევიდ ელისონის კომპანია Paramount-ისა და ლეგენდარული კინოკომპანია Warner Brothers Discovery-ს გაერთიანების პროცესი საბოლოოდ მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები