კალიფორნიის სასამართლომ კინოინდუსტრიის ისტორიაში უდიდესი კორპორაციული გარიგება, Paramount-ის მიერ WBD-ის $110 მილიარდად შესყიდვის პროცესი დროებით შეაჩერა. როგორც ირკვევა, მოსამართლე არასელი მარტინეს-ოლგინმა გადაწყვეტილება პარასკევს გამართული მოსმენის შემდეგ მიიღო და შერწყმა, სულ მცირე, 14 დღით დააპაუზა. არსებული ინფორმაციით, საქმე 12 შტატის გენერალური პროკურორების ერთობლივ ანტიმონოპოლიურ სარჩელს უკავშირდება.
თავად სასამართლო დავას კალიფორნიის გენერალური პროკურორი, რობ ბონტა ხელმძღვანელობს. ბონტას განცხადებით, ეს გარიგება უკანონოა და ის მომხმარებლებისთვის ფასების ზრდას გამოიწვევს. პროკურორები მიიჩნევენ, რომ გაერთიანებული კომპანია საკაბელო ტელევიზიისა და კინოინდუსტრიის თითქმის მესამედს გააკონტროლებს, რაც კონკურენციის შესახებ ადგილობრივ და ფედერალურ კანონმდებლობას დაარღვევს. შესაბამისად, კალიფორნიის შტატი პროცესის სრულად დაბლოკვას ითხოვს.
Paramount-ი ბრალდებებს უარყოფს და გარიგებას "პროკონკურენტულად" აფასებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს პროცესი მიზნად მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი კონტენტის შეთავაზებას და ბაზარზე ხარისხიანი ალტერნატივის შექმნას ისახავს. მისი თქმით, ახალი შეთანხმება, რომელიც Paramount-ისა და Warner Bros-ის კინოსტუდიების, ასევე ტელეარხ CBS-ის და HBO-ს დევიდ ელისონის კომპანიის ქვეშ გაერთიანებას გულისხმობს, ყველა იმ სექტორს გააძლიერებს, რომლებსაც ეს გარიგება შეეხება.
საყურადღებოა, რომ გარიგება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ივნისში უკვე დაამტკიცა. ამას გარდა, პროცესს "მწვანე შუქი" არაერთმა გლობალურმა იურიზდიქციამაც აუნთო.
ცნობისთვის, თუ პროცესი 30 სექტემბრის შემდეგაც გაჭიანურდება, Paramount-ს WBD-ის აქციონერებისთვის ყოველ კვარტალში დამატებით $650 მილიონის გადახდა მოუწევს. ხოლო ანტიმონოპოლიური მიზეზების გამო გარიგების ჩაშლის შემთხვევაში, Paramount-ი $7-მილიარდიან ჯარიმას გადაიხდის.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ WBD-ის აქციების ფასი 1.58%-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქცია $26.44-ად იყიდება, კაპიტალიზაცია კი $66.29 მილიარდს შეადგენს. პარალელურად, მომხდარმა გავლენა იქონია Paramount-ზეც, რომლის აქციების ფასმაც 1.66%-ით იკლო.




























