მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Paramount-მა და Warner Bros-მა $110-მილიარდიანი გარიგება 1 წლით შეაჩერეს

paramount

Paramount Skydance-მა და Warner Bros Discovery-მ $110-მილიარდიანი კორპორაციული შერწყმის პროცესი 2027 წლის ივნისამდე შეაჩერეს. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღება აშშ-ის 12 შტატისა და ამერიკის სცენარისტთა გილდიის მიერ აღძრულმა სარჩელებმა განაპირობა. მოსარჩელეთა მტკიცებით, ორი გიგანტური სტუდიის გაერთიანება ბაზარზე კონკურენციას დააზიანებს და მომხმარებლებისთვის ფასების ზრდას გამოიწვევს.

შტატების ოფიციალური პირები და ჰოლივუდის პროფკავშირები მიიჩნევენ, რომ ორი მსხვილი სტუდიის გაერთიანება ერთ სუბიექტს გადაჭარბებულ კონტროლს მიანიჭებს. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი სცენარისტებისა და გადამღები ჯგუფების პოზიციებს შეასუსტებს, ხელფასებს შეამცირებს და მაყურებლისთვის არჩევანს შეზღუდავს. გაერთიანების მოწინააღმდეგეთა კოალიციის განცხადებით, $110-მილიარდიანი გარიგება უკანონოა და მის დაბლოკვას ბრძოლის გაგრძელებით შეეცდებიან.

საყურადღებოა, რომ Paramount-ი და Warner Bros-ი გაერთიანების პროცესის გადადებას დადებითად შეხვდნენ. Paramount-ში მიღწეულ შეთანხმებას მნიშვნელოვანი გამარჯვებაც კი უწოდეს და აღნიშნეს, რომ სასამართლო განხილვა გარიგების დადებითი ეფექტის დასამტკიცებლად ყველაზე სწრაფი გზა იქნება და რომ მოსამართლის ვერდიქტი გარიგებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ დაუსვამს წერტილს. კინოსტუდიებში დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლო მათ ინტერესს გაიზიარებს.

საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე ანუ 2027 წლის 1 ივნისამდე კომპანიები საქმიანობას სრულიად დამოუკიდებლად გააგრძელებენ, მხარეთა იურიდიულმა გუნდებმა კი სასამართლო პროცესის განრიგი 31 ივლისამდე უნდა წარადგინონ.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა აღნიშნული გარიგება ივნისში დაამტკიცა. ევროპელმა რეგულატორებმა კი შეთანხმებას მწვანე შუქი იმ პირობით აუნთეს, რომ Paramount-ი რეგიონში Universal Pictures-თან ფილმების გავრცელების პარტნიორობას შეწყვეტდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები