მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Paramount-მა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩემპიონთა ლიგის სატელევიზიო უფლებები მოიპოვა

პარამაუნტ ჩემპიონთა ლიგა
სტატიაში საუბარია:

Paramount+-მა მოიგო დიდი ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩემპიონთა ლიგის მატჩების უმრავლესობის ტრანსლაციის უფლება 2027–2031 წლებისთვის, მაშინ როდესაც Sky Sports-მა მოიპოვა ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მატჩების საჩვენებელი უფლებები 2027/28 სეზონიდან.

ამერიკული გიგანტის Paramount Skydance-ის საკუთრებაში მყოფი Paramount+ გერმანიის ბაზარზეც მთავარი სატელევიზიო პაკეტების პრეფერენციულ მყიდველად დასახელდა. Amazon Prime Video კი შეინარჩუნებს თავის პაკეტებს გერმანიაში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც ჩემპიონთა ლიგის პრიორიტეტულ მატჩებს კვლავ გაუშვებს. დიდ ბრიტანეთში Amazon-ის თამაშები კვლავ სამშაბათობით დარჩება, ხოლო გერმანიასა და იტალიაში ოთხშაბათზე გადავა.

Sky Sports-ს ევროპული საფეხბურთო ტურნირები 2015 წლის შემდეგ არ გაუშვია. ბოლოს გადასცა ჩემპიონთა ლიგა, თუმცა ახლა ის გახდება UEFA-ს მეორე და მესამე დონის საკლუბო ტურნირების მთავარი მაუწყებელი დიდ ბრიტანეთში.

Paramount-ისა და Sky-ს გამარჯვება მოხდა TNT Sports-ის ხარჯზე, რომელიც 2013 წლიდან იყო UEFA-ს საკლუბო ტურნირების მთავარი მაუწყებელი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჯერ BT Sport-ის სახელით, ხოლო 2023 წლის რებრენდინგის შემდეგ TNT-ად.

მიმდინარე სამი წლის ციკლისთვის (2024–2027) TNT-მ £1 მილიარდი გადაიხადა და ცდილობდა თავისი პოზიციის შენარჩუნებას, თუმცა Paramount-ის ფინანსური ძალა გადამწყვეტი აღმოჩნდა.

Paramount-ს, რომელსაც ხელმძღვანელობს Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონის ვაჟი, დევიდ ელისონი, სურს აგრესიული ტრანსფორმაცია, რომ გადაიქცეს თანამედროვე კონტენტისა და სტრიმინგის გლობალურ გიგანტად, Disney-სა და Netflix-ის კონკურენტად. პრემიუმ სპორტი ამ სტრატეგიის ცენტრალური ნაწილია: კომპანიას 2019 წლიდან გააჩნია ჩემპიონთა ლიგის ამერიკული მაუწყებლობის უფლებები. მათი გადაცემები ტურნირზე პოპულარულია არა მხოლოდ ამერიკაში — მიმზიდველი გახდა საერთაშორისო ასპარეზზეც, განსაკუთრებით წამყვანების (ქეით აბდო, ჯეიმი კარაგერი, ტიერი ანრი და მიკა რიჩარდსი) ქარიზმატული, მეგობრული სტილის გამო.

TNT-სა და Paramount-ის დაპირისპირებას ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც აქვს: Paramount Skydance აწარმოებს მოლაპარაკებებს TNT-ის მშობელი კომპანიის — Warner Bros. Discovery-ის (WBD) შესასყიდად. ეს გარიგება, თუ შედგება, გააერთიანებს Paramount-ისა და Warner Brothers-ის ჰოლივუდურ სტუდიებს, ამერიკულ არხებს CBS, CNN და HBO-ს, ასევე სხვა ათეულობით გლობალურ არხსა და სტრიმინგ პლატფორმას, მათ შორის ბრიტანულ უფასო არხს Channel 5-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები