მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Paramount-მა Warner Bros. Discovery-ის შეძენაზე აქციონერებისგან თანხმობა მიიღო

Paramount - Warner Bros. Discovery

ამერიკული კინოინდუსტრიისა და მედიის გიგანტის, Warner Brothers Discovery-ს აქციონერებმა Paramount Skydance-ის მიერ კომპანიის შესყიდვის წინადადებას მხარი ოფიციალურად დაუჭირეს.

როგორც ირკვევა, გარიგების ფარგლებში დევიდ ელისონის კომპანია თითოეულ აქციაში $31-ს გადაიხდის. შესყიდვის საერთო მოცულობა კი $111 მილიარდი იქნება. არსებული ინფორმაციით, ეს შეთანხმება მოიცავს WBD-ს ყველა აქტივს, მათ შორის, ამერიკულ გავლენიან მედია CNN-ს, ასევე სტრიმინგ პლატფორმა HBO Max-სა და თავად Warner Bros.-ის კინოსტუდიას.

მხარეები ტრანზაქციის დასრულებას მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გეგმავენ. აღნიშნული გაერთიანება კი მედიაინდუსტრიაში ახალი გიგანტის შექმნას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, Paramount-მა WBD-ს აქციონერების მხარდაჭერა მას შემდეგ მოიპოვა, რაც თებერვალში საკუთარი შეთავაზება გააუმჯობესა. ცნობისთვის, შესყიდვით დაინტერესებულმა Netflix-ს საკუთარი განაცხადი უკან სწორედ ამის შემდეგ გაიტანა. განმარტებისთვის, თებერვლის განახლებული დოკუმენტი მოიცავდა ყველა შესაძლო რისკის დაზღვევას. მათ შორის ერთ-ერთია, რომ თუ მარეგულირებლები გარიგებას დაბლოკავენ, Paramount-ი აქციონერებს $7 მილიარდის ოდენობის საკომპენსაციო თანხას გადაუხდის. ამასთან, კომპანია Netflix-ის წინაშე WBD-ის ფინანსური ვალდებულებაც გადაიბარებს. ცნობისთვის, საუბარია $2.8 მილიარდზე, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის გამო კინოინდუსტრიის გიგანტს დაუწესდა.

ცნობისთვის, Warner Bros. Discovery 2022 წელს WarnerMedia-სა და Discovery-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. კომპანია მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი გასართობი კონგლომერატია. ის ისეთ ფრენჩაიზებს ფლობს, როგორებიცაა DC-ი და Harry Potter-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები