უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის გადაწყვეტილებით ის რუსი და ბელორუსი სპორტსმენები, რომლებიც კვალიფიკაციის გავლას მოახერხებენ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური ათლეტების რანგში იასპარეზებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ინდივიდუალურ ნეიტრალურ ათლეტებს სოკ-ი და შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციები მიიწვევენ. დიდი ალბათობით არსებული საკვალიფიკაციო სისტემის გათვალისწინებით ოლიმპიადის საგზურს შეზღუდული რაოდენობის სპორტსმენები მიიღებენ.
ამ ეტაპზე ტურნირზე 6400 ათლეტია კვალიფიცირებული, ხოლო მათ შორის 60 უკრაინელი 8 რუსი და 3 ბელორუსი სპორტსმენია. ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ათლეტებს ოლიმპიადამდე სპეციალური ქარტიის ხელმოწერა მოუწევთ, რომელიც ოლიმპიური მოძრაობის სამშვიდობო მისიას შეეხება.
შეგახსენებთ, რომ ნეიტრალურ ათლეტებს გამარჯვების შემთხვევაში არ ექნებათ დროშის გამოყენების უფლება და არ აჟღერდება მათი ეროვნული ჰიმნი. პარიზი ოლიმპიურ თამაშებს 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე უმასპინძლებს.