მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიზის ცენტრალურ უბნებში ავტომობილზე პოპულარული ტრანსპორტი ველოსიპედია - კვლევა

ველოქალაქი

Institut Paris Region-ის ახალი კვლევის თანახმად, პარიზის ცენტრში ველოსიპედით უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება, ვიდრე - ავტომობილით.

კერძოდ, კვლევის თანახმად, პარიზელები ქალაქის ცენტრში განხორციელებულ მგზავრობათა 11.2%-სთვის ველოსიპედებს იყენებენ, 4.3%-სთვის კი - ავტომობილებს. ამავე დროს, ტრანსპორტირების ყველაზე პოპულარული სახე ფეხით გადაადგილება: პარიზელები ქალაქში გადაადგილებისას, შემთხვევათა 53.3%-ში, სწორედ ამ გზას მიმართავენ. კიდევ ერთი პოპულარული სატრანსპორტო საშუალება საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რომელსაც პარიზელები დაგეგმილ მოგზაურობათა 30%-ში იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ პარიზში ველოსიპედების პოპულარობა მკვეთრადაა გაზრდილი 2010 წლის შემდეგ, როდესაც ორბორბლიან ტრანსპორტს გადაადგილების შემთხვევათა მხოლოდ 3%-ში ანიჭებდნენ უპირატესობას.

IPR-ის კვლევაში პარიზის 3 337 რეზიდენტი იყო ჩართული, რომელთა მოძრაობასაც GPS-ით აკვირდებოდნენ. კვლევამ დაადგინა, რომ პარიზის გარეუბნებში უპირატესობა კვლავ ავტომობილებს ენიჭებათ. უფრო მეტიც, რაც უფრო მეტადაა მგზავრი ცენტრისგან დაშორებული, ავტომობილზე დამოკიდებულება უფრო მეტად იზრდება.

საფრანგეთის დედაქალაქი ცენტრში ავტომობილების გადაადგილების შემცირებას, რამდენიმე წელია, რაც ცდილობს. მეტიც, ამ მიზნით, ჰაერის დამაბინძურებელი, მათ შორის ძველი, შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილები 2025 წლიდან სრულად აიკრძალება, გაუქმდება ქუჩის პარკირება და ქუჩები ქვეითად მოსიარულეებისთვის გადაკეთდება.

პარიზი იმედოვნებს, რომ 2026 წლისთვის 100%-ით ველოქალაქი გახდება, რისთვისაც მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში 250 მილიონი ევროს ინვესტიცია უკვე გამოყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები