მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარიზში ჩხრეკისას პიკასოს €12 მილიონად შეფასებული ტილო აღმოაჩინეს

პიკასო

საფრანგეთის პოლიციამ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის დროს პაბლო პიკასოს ნამუშევარი აღმოაჩინა. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien იუწყება.

მოპარულ ტილოზე, რომლის ნამდვილობაც უკვე დადასტურებულია, პიკასოს ერთ-ერთი მუზა, მარია-ტერეზა ვოლტერია გამოსახული. ნამუშევარი 12-15 მილიონ ევროდაა შეფასებული.

ფრანგული მედიის ცნობით, ჩატარებული ფართომასშტაბიანი რეიდის შედეგად პიკასოს ნამუშევართან ერთად ამოღებულ იქნა 17 კილოგრამი კანაფი, 7 000 ევრო ნაღდი ფული და დაახლოებით 200 000 ევროს ღირებულების ძვირად ღირებული ბრენდული ტანსაცმელი.

პიკასოს ტილო ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილის, 37 წლის მამაკაცის დეიდის სახლში იპოვეს, გამოძიების ცნობით მამაკაცი მუშაობდა პარიზში მდებარე კომპანიაში, რომელიც ხელოვნების ნიმუშების კონსერვაციასა და შენახვაში სპეციალიზდება. სინგაპურის მოქალაქის კუთვნილი პიკასოს ტილო სწორედ აღნიშნული კომპანიის საცავიდან იქნა მოპარული.

დაკითხვისას ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ ნამუშევარი მან მოიპარა, თუმცა განმარტა, რომ მიზანი კომპანიის უსაფრთხოების სისტემაში არსებული ხარვეზების გამოვლენა იყო.

ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეზე პარიზში ექვსი პირია დაკავებული, ხოლო პარიზის პროკურატურამ პიკასოს ნამუშევრის ქურდობის ფაქტზე ცალკე გამოძიება დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები