მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიზში მდინარე სენას გასუფთავებისთვის €1.4 მლრდ დაიხარჯა - როგორია შედეგები?

მდინარე სენა

2024 წლის ზაფხული საფრანგეთისთვის განსაკუთრებულია - ზაფხულის წლევანდელი ოლიმპიადა სწორედ ამ ქვეყანაში ჩატარდება და ივლის-აგვისტოს განმავლობაში უამრავ ტურისტს მიიზიდავს, თუმცა ოლიმპიადისთვის მზადებას ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გამოწვევების გარეშე არ ჩაუვლია.

ოლიმპიადის ფარგლებში, მოცურავეთა მარათონი და ტრიათლონი პარიზში, მდინარე სენაშია გათვალისწინებული, თუმცა, მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, ივლისის პირველ კვირაში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის თანახმად, მდინარის წყალი ადამიანთა ცურვისთვის უსაფრთხო კვლავ არ არის.

კვლევის შედეგების მიუხედავად, საფრანგეთის სპორტის მინისტრი, ამელ ოუდეა-კასტერა მდინარის სისუფთავეში დარწმუნებულია და, ამის დასამტკიცებლად, სენაში გაცურვა მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმა - მანამდე ოფიციალური პირების მიერ მდინარის სისუფთავისა და უსაფრთხოების დამტკიცების ეს ფორმა რამდენჯერმე, მათ შორის საფრანგეთში მიმდინარე არჩევნების საბაბით, გადაიდო.

მდინარის გასუფთავებისთვის პარიზის ადგილობრივმა მთავრობამ €1.4 მლრდ-ის ინვესტიცია გამოყო, რაც ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდა, რომელიც წვიმების სეზონზე ადიდებული წყლის უფრო დიდ მოცულობას შეაკავებს - რადგან სწორედ ეს წყალი სახელდება სენაში იმ ბაქტერიების გავრცელების წყაროდ, რომლებიც მდინარეში ცურვას სახიფათოს ხდის. მიწისქვეშა რეზერვუარები პარიზში ჯერ კიდევ მაისში დაამონტაჟეს - წყალსატევის ტევადობა 20 ოლიმპიური აუზის მოცულობის ეკვივალენტია, თუმცა კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მთავრობამ მშენებლობის დასრულება დააჩქარა.

Euronews-ის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შემთხვევაში მდინარის დაბინძურების დონე, შესაძლოა, კვლავ ოლიმპიადისთვის დასაშვებ დონეზე მეტად გაიზარდოს.

პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ შეჯიბრების დროს ძლიერი წვიმის შემთხვევაში, შესაძლოა, ტრიათლონს ცურვის კომპონენტი გამოეთიშოს, ცურვის მარათონმა კი დახურულ საცურაო აუზზე გადაინაცვლოს.

ჯერჯერობით შეუძლებელია იმის ზუსტი პროგნოზირება, როგორი ამინდი იქნება პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე პერიოდში - რა დროსაც ოლიმპიადის შეჯიბრებებია ჩანიშნული, თუმცა ღონისძიების ორგანიზატორები ოპტიმისტურ სცენარს ვარაუდობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები