საფრანგეთში პარიზის პროკურატურა ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმის, X-ის ოფისებს ჩხრეკს. ამასთან, X-ის მფლობელი ილონ მასკი და პლატფორმის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ლინდა იაკარინო პროკურატურამ 20 აპრილს "ნებაყოფლობით მოსმენაზე" სასამართლოში უკვე დაიბარა.
როგორც X-ზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჩხრეკას პროკურატურის კიბერდანაშაულთან ბრძოლის განყოფილება ატარებს, პროცესში კი ევროპოლიც არის ჩართული.
უწყების ცნობით, საქმე ეხება 2025 წლის იანვარში დაწყებულ გამოძიებას, რომლის საფუძველიც X-ის ალგორითმსა და მის მიერ რეკომენდებულ კონტენტთან დაკავშირებული საჩივრები გახდა.
განცხადებაში პროკურატურამ აღნიშნა, რომ ეს ოპერაცია იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც საფრანგეთის კანონმდებლობასთან X-ის შესაბამისობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. უწყების ცნობით, გამოძიება, რომელსაც საფრანგეთის კიბერდანაშაულის პოლიცია აწარმოებს, 2025 წლის ივლისში მას შემდეგ გაფართოვდა, რაც პლატფორმაზე სექსუალური ხასიათის "დიპფეიკებისა" (ხელოვნური ინტელექტის გენერირებული ყალბი ვიდეოები) და ჰოლოკოსტის უარყოფის შემცველი მასალების გავრცელების შესახებ ცნობები მიიღეს.
გამოძიების გაფართოებას X-ი იმ დროისთვის გამოქვეყნებულ პოსტში "პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებდა და ალგორითმით მანიპულირების შესახებ ბრალდებებს უარყოფდა.
X-ს მომხდარზე რეაგირება ჯერ არ მოუხდენია. BBC News-მა კომპანიას კომენტარისთვის მიმართა.
პარიზში X-ის ოფისების ჩხრეკას გამოეხმაურა Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი, რომელიც საფრანგეთის პრესსამსახურებმა 2024 წელს დააკავეს, მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და საფრანგეთის დატოვება აუკრძალეს. აღნიშნული აკრძალვა რუსი წარმოშობის ბიზნესმენს 2025 წლის ნოემბერში მოეხსნა.
"საფრანგეთის პოლიცია პარიზში X-ის ოფისს ჩხრეკს. საფრანგეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს ყველა იმ სოციალური ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანებს თავისუფლების გარკვეულ ხარისხს ანიჭებენ (Telegram-ი, X-ი, TikTok-ი...). შეცდომაში არ შეხვიდეთ: ეს არ არის თავისუფალი ქვეყანა", - წერს პაველ დუროვი.
შეგახსენებთ, რომ დუროვის წინააღმდეგ ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება Telegram-ის დანაშაულებრივი საქმიანობის ორგანიზებაში გამოყენების დაკავშირებით. საუბარია ფინანსურ საქმეებზე, კიბერდანაშაულებზე, ბავშვთა პორნოგრაფიასა და სხვა მსგავს შემთხვევებზე.




























